ოთარ ანგურიძე – მიმდინარე ანგარიშის დადებითი დინამიკა ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობაზე მიუთითებს

“საქართველოს მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის ახალი ეტაპია”,- ამის შესახებ ექსპერტი ოთარ ანგურიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით,
ეროვნული ბანკის როლი როგორც ფინანსური სტაბილურობის გარანტის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

“საქართველოს ეროვნული ბანკის 2025 წლის მესამე კვარტალის საგადამხდელო ბალანსის მონაცემები მნიშვნელოვან მაკროეკონომიკურ მიღწევაზე მიუთითებს – მიმდინარე ანგარიშის პროფიციტმა 338.8 მილიონ აშშ დოლარს (მშპ-ს 3.3%) მიაღწია, რაც ქვეყნის ეკონომიკური ისტორიის კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღების ღირსია.

მიმდინარე ანგარიშის დადებითი სალდო მესამედ ფიქსირდება საქართველოს თანამედროვე ეკონომიკურ ისტორიაში (2018, 2022, 2025 წლების მესამე კვარტლები). ამ ტენდენციის სისტემატური განმეორება მიუთითებს სტრუქტურული ტრანსფორმაციის პროცესებზე და ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ეფექტურობაზე.

მიმდინარე ანგარიშის კომპონენტების დინამიკა ასახავს ეკონომიკის თანდათანობით ტრანსფორმაციას საქონელზე ორიენტირებული მოდელიდან მომსახურებების ექსპორტზე დაფუძნებულ სტრუქტურაზე:
მომსახურებების სექტორი დადებით სიგნალებს განაგრძობს – ექსპორტი წლიურად 10.9%-ით გაიზარდა, მათ შორის:
• მოგზაურობის მომსახურება: 1.7 მლრდ დოლარი (+6.6%)
• საინფორმაციო ტექნოლოგიები: 301.6 მლნ დოლარი (მშპ-ს 2.9%)
• ტრანსპორტირება: 498.4 მლნ დოლარი (მშპ-ს 4.8%)
შრომის შემოსავლების კომპონენტი 20.7%-იანი ზრდით ხასიათდება, რაც მიგრანტ მუშაკთა რაოდენობისა და საშუალო ანაზღაურების ზრდაზე მიუთითებს.
კაპიტალის ნაკადები რჩება სტაბილურ დონეზე – პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 430 მილიონ დოლარს (მშპ-ს 4.2%) შეადგენს, რაც ინვესტიციული გარემოს მიმართ ნდობის შენარჩუნებაზე მიუთითებს.

წარმოდგენილი შედეგები ასახავს ეროვნული ბანკის ინსტიტუციურ სიძლიერეზე და მის მიერ განხორციელებული კომპლექსური პოლიტიკის ეფექტიანობას რამდენიმე მიმართულებით:
• ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა ინფლაციის ტარგეტირების რეჟიმის ფარგლებში
• გაცვლითი კურსის ოპტიმალური მართვა რეალური ეკონომიკის საჭიროებების გათვალისწინებით
• ფინანსური სისტემის რეზილიენტურობის გაძლიერება მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების გამოყენებით
• სტატისტიკური ინფორმაციის სწრაფი და გამჭვირვალე გამოქვეყნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
მიღწეული შედეგი წარმოადგენს მნიშვნელოვან ინდიკატორს მაკროეკონომიკური დისბალანსების შემცირების კუთხით.
ეროვნული ბანკის როლი ამ პროცესში, როგორც ფინანსური სტაბილურობის გარანტის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია”,- წერს ანგურიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები