თავდაცვის მინისტრი ახალ წელს სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ახალი 2026 წლის დადგომა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა.
მინისტრი, თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ გიორგი მათიაშვილთან ერთად ხონში, მე-6 საარტილერიო ბრიგადის ბაზაზე იმყოფებოდა.
თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას ახალი წელი ვიდეო კონფერენციის საშუალებით მიულოცეს.
ირაკლი ჩიქოვანმა სამხედროებს მადლობა გადაუხადა ღირსეული სამსახურისთვის და აღნიშნა, რომ მათი თავდადება, ერთგულება და პროფესიონალიზმი ფასდაუდებელია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. მინისტრმა სამხედროებს კეთილდღეობა, მშვიდობიანი მომავალი და წარმატება უსურვა საქართველოს სამსახურში.
ხონის ბაზიდან მინისტრმა ახალი წელი მიულოცა საქართველოს მოქალაქეებს და განსაკუთრებით მათ, ვინც ახალ წელს პროფესიული მოვალეობიდან გამომდინარე, სამსახურში შეხვდა. მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს, პოლიციელებს, მესაზღვრეებს, მეხანძრე-მაშველებსა და ექიმებს ჯანმრთელობა, სიმტკიცე და ერთობა უსურვა.