კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ახმეტაში, თელავსა და ყვარელში სკრინინგ აქციები გაიმართა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, კიბოს სკრინინგის საკითხებზე მოსახლეობის საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების ეროვნული კამპანიის ეგიდით 2, 3 და 4 დეკემბერს ახმეტის, თელავისა და ყვარლის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საინფორმაციო შეხვედრის პარალელურად საქართველოს კლინიკების ახმეტის, თელავისა და ყვარლის ჰოსპიტალში ეროვნული სკრინინგ ცენტრის მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალისგან შემდგარი მობილური გუნდი მთელი დღის განმავლობაში სკრინინგულ კვლევებს ატარებდა.
“ახმეტის, თელავისა და ყვარლის მოსახლეობამ შეძლო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგული კვლევებით უფასოდ ესარგებლა.
საინფორმაციო შეხვედრაზე საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა სახელმწიფო სკრინინგის პროგრამა, სკრინინგის მოცვის მაჩვენებელი, სკრინინგისა და ადრეული დიაგნოსტიკის როლი წარმატებულ მკურნალობაში და აპვ ვაქცინაციის როლი საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის საქმეში.
შეხვედრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კონტრაქტორი ორგანიზაციის “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის ” ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მერიის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლების, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების და ოჯახის ექიმების აქტიური ჩართულობით გაიმართა.
კამპანიის ფარგლებში თელავში ასევე ჩატარდა სალონური საღამო ყოფილი ონკოპაციენტების, სათემო ორგანიზაციის “გამარჯვებულ ქალთა კლუბის” წევრების მონაწილეობით. ღონისძიებაზე პაციენტებმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება და სიმსივნეზე გამარჯვების ისტორიები გაუზიარეს.
საღამო ყოფილი ონკოპაციენტის მონაწილეობით გადაღებული ფილმის ჩვენებით დასრულდა.
კიბოს სკრინინგის ეროვნული კამპანიის მიზანია, სახელმწიფო პროგრამის შესახებ, მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა, რომელიც კიბოს სკრინინგულ გამოკვლევებს სრულად აფინანსებს.
ძუძუს კიბოს სკრინინგი უფასოა 40-დან 70 წლამდე ქალბატონებისათვის 2 წელიწადში ერთხელ. საშვილოსნოს ყელის კიბოს უფასო სკრინინგული გამოკვლევებით 3 წელიწადში ერთხელ 25-დან 60 წლამდე ასაკის ქალებს შეუძლიათ ისარგებლონ, ხოლო მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი 50-დან 70 წლამდე მამაკაცებსა და ქალბატონებს უფასო გამოკვლევების შესაძლებლობას აძლევს.
კიბოს ადრეული გამოვლენა საგრძნობლად ზრდის წარმატებული მკურნალობის შანსებს. კიბოს ადრეული გამოვლენის ორ კომპონენტს წარმოადგენს ადრეული დიაგნოსტირება და სკრინინგი. ადრეული დიაგნოსტირება ორიენტირებულია სიმპტომების მქონე პაციენტების რაც შეიძლება ადრეულ სტადიაზე გამოვლენაზე. მაშინ როცა სკრინინგის ფოკუსს წარმოადგენს ზოგადი მოსახლეობის ტესტირება და ისეთი პირების იდენტიფიცირება, რომელთაც აქვთ სიმსივნე, მაგრამ ჯერ არ გამოვლენიათ სიმპტომები.
სამიზნე პოპულაციებში სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს სკრინინგის პროგრამა საქართველოში 2011 წლიდან მოქმედებს და ხელმისაწვდომია საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისათვის”,- ნათქვამია ინფორმაციაში.