რას ედავებიან ქართველ მამაკაცს, რომელსაც ამერიკულმა სასამართლომ ექსტრემიზმისთვის 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
აშშ-ში საქართველოს 22 წლის მოქალაქეს, მიხეილ ჩხიკვიშვილს, 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ინფორმაციას საერთაშორისო მედია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოძიების ინფორმაციით, ჩხიკვიშვილი, მეტსახელად „მეთაურ ყასაბი, ნეონაცისტური და ექსტრემისტული დაჯგუფების ლიდერი იყო. მას სიძულვილით მოტივირებული ძალადობის წახალისება, მასობრივი თავდასხმების დაგეგმვა და ასაფეთქებელი და მომწამვლელი ნივთიერებების გამოყენების ინსტრუქციების გავრცელება ედება ბრალად.
ამერიკული მედიის ცნობით, საქმის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ეპიზოდად სახელდება გეგმა, რომლის მიხედვითაც ახალი წლის პერიოდში სანტა კლაუსის ფორმაში ჩაცმულ პირებს ებრაელი ბავშვებისა და რასობრივი უმცირესობებისთვის მოწამლული კანფეტები უნდა დაერიგებინათ.
მიხეილ ჩხიკვიშვილი 2024 წლის ივლისში მოლდოვაში დააკავეს, რის შემდეგაც 2025 წლის მაისში მოლდოვამ მისი ექსტრადიცია აშშ-ში განახორციელა.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, სასამართლომ მას 15-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ დანაშაული სიძულვილით მოტივირებული იყო.
კერძოდ, იგი ახალისებდა ძალადობას ებრაელების, რასობრივი უმცირესობებისა და სხვა მისთვის „არასასურველი“ ჯგუფების წინააღმდეგ.