არჩილ გორდულაძე: ადამიანის ღირსების დაცვა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა და მნიშვნელოვანია, რომ შსს-ში იქმნება სპეციალიზებული დანაყოფი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სხვათა უფლებების დაცვაზე
ადამიანის ღირსების დაცვა, ეს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, კერძოდ შსს-ში იქმნება სპეციალიზებული დანაყოფი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სხვათა უფლებების დაცვაზე, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ „დებატების“ ეთერში განაცხადა.
მისივე განმარტებით, სიძულვილის ენის გავრცელების საკითხი არა მხოლოდ საქართველოშია აქტუალური, არამედ მთლიანად ცივილიზებულ სამყაროს აქვს გამოწვევა და პრობლემა სიძულვილის ენით მოტივირებული კამპანიების კუთხით.
„საკითხი აქტუალურია, აქტუალურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთლიანად ცივილიზებულ სამყაროს აქვს გამოწვევა და პრობლემა სიძულვილის ენით მოტივირებული კამპანიების კუთხით, რომელიც მიმართულია მთელ რიგ შემთხვევებში საზოგადოების გახლეჩისკენ.
იმისათვის, რომ ადამიანებმა უბრალოდ მიაყენონ ერთმანეთს ისეთი შეურაცხყოფა, სადაც უკვე სიმართლის გარჩევა, რეალურად რა არის მართალი, საკითხი რას ეხება – ეს ყველაფერი იყოს უგულებელყოფილი. იმისათვის, რომ აღნიშნული საკითხები დარეგულირებულიყო და, შესაბამისად, ურთიერთობა ყოფილიყო ურთიერთპატივისცემაზე ყოფილიყო დაფუძნებული, ჩვენს კანონმდებლობაში, უკვე არაერთი წელია არსებობს შესაბამისი მარეგულირებელი ნორმები.
ვნახეთ რა, რომ აღნიშნულ მარეგულირებელ ნორმებს არ ჰქონდა შესაბამისი პრევენციული შესაძლებლობა, ამიტომ, ჩვენ მოგვიწია, რომ გარკვეული კუთხით, ადმინისტრაციული სახდელების ნორმები გაგვეზარდა. დაახლოებით 1 წლის წინ, ჩვენ შევიტანეთ სამართლებრივი ცვლილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსში, სადაც საჯარო მოსამსახურის ლანძღვა-გინება საჯარო სივრცეში, შეურაცხყოფა, სხვაგვარი გადაკიდება, რომელიც მიმართულია მისი ღირსების შელახვისკენ, ეს ცალკე გამოყოფილი ადმინისტრაციული პასუხისმგებელი დამდგენია. აქ მთავარი რა არის? პირველ რიგში, ორი უფლება უნდა წარმოვიდგინოთ. იგივე დისკუსია იყო რასაც დღეს ვისმენთ ჩვენი ოპონენტების მხრიდან, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება იზღუდება. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლშია დაცული და მათ შორის, ინტერნეტთან თავისუფალი წვდომის უფლებაც არის დაცული.
აზრის აბსოლუტური უფლება, მისი გამოხატვის ფორმები არ არის აბსოლუტური და შესაძლებელია მისი შეზღუდვა, თუ ეს განპირობებულია, მაგალითად: სხვათა უფლებების დასაცავად. ჩვენ როდესაც ვკითხულობთ საქართველოს კონსტიტუციას და ადამიანის უფლებათა მეორე თავს, იგი იწყება მთავარი მუხლით, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი არა მხოლოდ ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ უბრალოდ კაცობრიობისთვის ჩვენი გადმოსახედიდან და ეს არის – ღირსება.
პირდაპირ, შავით თეთრზე მითითებულია, რომ ადამიანის ღირსება შეუვალია და მას იცავს სახელმწიფო. მნიშვნელოვანია მივაქციოთ ყურადღება, რომ მას იცავს სახელმწიფო. ანუ, ადამიანის ღირსების დაცვა ეს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, კერძოდ შსს-ში იქმნება სპეციალიზებული დანაყოფი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სხვათა უფლებების დაცვაზე, რა თქმა უნდა, სხვა ყველა შემთხვევაშიც, მაგრამ განსაკუთრებით ამ შემთხვევაში. მაშინ, როდესაც ადამიანები ცდილობენ, მათ შორის, გარე დაფინანსებით, რომ წახალისებული იყოს სიძულვილის ენა, ნაფრქვევი იყოს ერთმანეთის მიმართ ლანძღვა-გინება“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.