არჩილ გორდულაძე: ერთი ადამიანის მიერ მეორის შეურაცხყოფა არა მხოლოდ ევროპული კანონმდებლობით, არამედ აშშ-ის სხვადასხვა შტატებში, სხვადასხვა ფორმით, პასუხისმგებლობას იწვევს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, ადამიანის შეურაცხყოფისთვის პასუხისმგებლობა როგორც ევროპის ქვეყნებში, ასევე აშშ-შიც დგება და სხვადასხვა შტატებში, ეს პასუხისმგებლობა სხვადასხვა სიმძიმისაა.
როგორც მან „დებატების“ ეთერში განმარტა, ცივილიზებული სამყარო შეთანხმდა ერთ რამეზე, რომ კამათი აუცილებელია, მაგრამ, არავის არანაირი მორალური უფლება არ აქვს, სხვა ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენოს.
„თქვენ ევროპის ქვეყნები მოგყავთ მაგალითად. არა მხოლოდ ევროპის მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ, არამედ აშშ-ის მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ შტატების მიხედვით, სადაც სხვადასხვა პასუხისმგებლობაა ადამიანის შეურაცხყოფისთვის.
ის, რომ ერთ ადამიანს შეუძლია მეორე ადამიანი ლანძღოს, თათხოს, აგინოს, ეს არა მხოლოდ ევროპული კანონმდებლობით, არამედ აშშ-ის სხვადასხვა შტატებში, სხვადასხვა ფორმით, როგორც სისხლის სამართლებრივი, ასევე სხვა დავის ფარგლებში პასუხისმგებლობას იწვევს. ცივილიზებული სამყარო შეთანხმდა ერთ რამეზე, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთთან ვიკამათოთ და ეს აუცილებელია. მაგრამ, არავის არანაირი მორალური უფლება არ აქვს, რომ სხვა ადამიანს აგინოს, სხვა ადამიანი ბავშვებთან ერთად აბულინგოს, შეურაცხყოფა მიაყენოს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება.