აფბა – როგორ მოხვდა ნათია ჯანაშია საქართველოს უმდიდრეს ადამიანებს შორის და რამდენს შეადგენს მისი ქონება
“მართალია, ნათია ჯანაშია “ფორბსის” მიერ ახლახანს გამოქვეყნებულ საქართველოს უმდიდრეს 100 ადამიანს შორის ვერ მოხვდა, მაგრამ ვფიქრობ, მისი კონტროლის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობიდან გამომდინარე, იგი თამამად იქნება მომდევნო 50-ეულის წევრი. ხოლო თუ “ფორბსი” უმდიდრეს ქართველ ქალთა რეიტინგსაც შეადგენს, იგი შესაძლოა, ამ სიის პირველ ათეულშიც კი აღმოჩნდეს”, – ამის თაობაზე “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” – აფბას ხელმძღვანელმა, გიორგი კაპანაძემ აღნიშნა.
“ფაქტია, რომ ქართველ უმდიდრეს ქალთა შორის ერთ-ერთი მოწინავე ადგილი ნათია ჯანაშიას უკავია, რომლის ქონების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც 2019 წელს “საქართველოს განათლების ჯგუფს” (“საქართველოს კაპიტალის” შვილობილი კომპანია) 29,3 მილიონ ლარად მიჰყიდა “ბრიტანულ – ქართული აკადემიის” წილის 70%. იმავდროულად, გარიგების პირობების თანახმად, დარჩა სასწავლებლის მენეჯმენტის ხელმძღვანელად 5 წლის ვადით და ამ პერიოდში მეუღლესთან ერთად 5 მილიონი ლარის ხელფასით შეივსო ოჯახური ბიუჯეტი,“ – ამბობს კაპანაძე.
ამა წლის თებერვალში, გამოქვეყნდა ინფორმაცია, სადაც მოცემულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ოფიციალური დასკვნა, რომელშიც დეტალურად არის შეფასებული “ბრიტანულ ქართული აკადემიის” საბაზრო ღირებულება.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო საქართველოში წამყვანი, ყველაზე ძლიერი და გამოცდილი ორგანიზაციაა, რომელიც მსგავს საკითხებს შეისწავლის და მისი სანდოობა ეჭვქვეშ არასდროს დამდგარა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საბაზრო ღირებულების საკითხს სწავლობენ ექსპერტები, რომელთაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ და მინიჭებული აქვთ შესაბამისი სერტიფიკატი, რაც ექსპერტების უმაღლეს კვალიფიკაციას უსვამს ხაზს.
საბაზრო ღირებულების განსაზღვრისას, შეფასების კრიტერიუმად გამოყენებულ იქნა ყველა ის ძირითადი ფინანსური მაჩვენებელი, რაც განსაზღვრავს კომპანიის ღირებულებას. მათ შორის, “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” აქტივები, ვალდებულებები, საოპერაციო მოგება, შემოსავლები, დისკონტირებული ფულადი ნაკადების მიდგომა და სხვა.
გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” “საქართველოს განათლების ჯგუფში”, ანუ ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული კომპანიის შვილობილ კომპანიაში მოხვედრამ, შემდგომ წლებში, აკადემიის საბაზრო ღირებულება მანამდე პროგნოზირებადზე გაცილებით მეტად გაზარდა, სადღეისოდ ნათია ჯანაშიას 30%-იანი წილის საბაზრო ფასიც პირდაპირპროპორციულად არის გაზრდილი სწორედ ამ წარმატებული ტრანზაქციის ხარჯზე.
„ნათია ჯანაშიას ქონების ზრდაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომელიც თავად ნათია ჯანაშიამ გაახმოვანა და საკუთარ მედიაში გაავრცელა, სადაც დეტალურად მოყვა კრიზისიდან გამოსავლის პოვნის დროს, „საქართველოს განათლების ჯგუფის“ შეთავაზების შესახებ. წილის შესყიდვის ოფერზე „საქართველოს განათლების ჯგუფის“ ყოფილი დირექტორის, გიორგი კეთილაძის წერილშიც არის საუბარი. კეთილაძე მიუთითებს, რომ ნათია ჯანაშიას წილის გაყიდვის სანაცვლოდ, წილის თითოეულ ერთეულზე ღირებულებას 33 პროცენტით მეტს სთავაზობდნენ, ვიდრე თავად ჯანაშიამ შესთავაზა მათ.
ყველაზე მინიმალისტური შეფასებით, ნათია ჯანაშიას ქონება რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს შეადგენს. შესაბამისად, ფაქტია, რომ ნათია ჯანაშიას მოხვედრა უმდიდრეს ქართველ ქალთა, შესაძლოა, პირველ ათეულშიც კი, მისი “საქართველოს კაპიტალთან” ინტეგრირების შედეგია“, – აღნიშნა “აფბა”-ს პრეზიდენტმა, გიორგი კაპანაძემ.
შეგახსენებთ, “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” აქტიურად ახორციელებს “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” გარშემო მიმდინარე ბიზნესდავის საზოგადოებრივ მონიტორინგს, რომელიც ნათია ჯანაშიამ „საქართველოს განათლების ჯგუფის“ წინააღმდეგ, აკადემიის დირექტორობიდან განთავისუფლების შემდეგ, 2024 წელს წამოიწყო.