ალექსანდრე დარახველიძე: თუ იქნება კონკრეტული ადამიანის შეურაცხყოფა, პიროვნული თავდასხმა, პიროვნული ღირსების შელახვა, ეს ჩაჯდება შესაბამისი ნორმით გათვალისწინებულ ქმედებაში, სხვა შემთხვევაში ეს პოლიტიკური დისკუსიის საკითხია
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე „რუსთავი 2“-ის ეთერში გადაცემა „დებატებში“ მთავრობის ახალ ინიციატივას ეხმაურება, რომლის ძირითადი ფუნქცია საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება.
მინისტრის მოადგილე განმარტავს, თუ რა შემთხვევაში იქნება დაცული გამოხატვის თავისუფლება.
„სად გავა ზღვარი და რა მოქმედებას გამოიჩენს პოლიცია? – გამოვდივარ კონსტიტუციის და კანონის სულისკვეთებიდან, ეს სულისკვეთება ამბობს, თქვენ როდესაც სხვის ღირსებას შეეხებით და სხვას პიროვნულად თავს დაესხმებით და არა ის, რასაც თქვენ ამბობთ, რომ კონკრეტულ საკითხებზე პოლიტიკურ განცხადებას რომ გააკეთებთ, ამის უფლება თქვენც გაქვთ და კონსტიტუციურად ნებისმიერ ადამიანსაც. აქ საუბარია ლანძღვა-გინებაზე და იმაზე, რაც ადამიანის ღირსებას ლახავს.
მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო ნატა ფერაძის საქმე, რომელიც სტრასბურგამდე მივიდა სადაც ძალიან კარგად იმსჯელა სტრასბურგის სასამართლომ, ნატა ფერაძის საქმეში რა ხდებოდა? – მოგეხსენებათ, რომ ისინი აპროტესტებდნენ „პანორამა თბილისის“ აშენების ფაქტს და მათ ჰქონდათ ბანერი საკმაოდ უწმაწური… ამის შემდეგ პოლიციამ მოახდინა მათი დაკავება და სასამართლომ 100 ლარიანი ჯარიმა დაუწერა წვრილმანი ხულიგნობისთვის, ეს საქმე მივიდა სტრასბურგამდე და სტრასბურგმა გააკეთა ასეთი განმარტება: მიუხედავად იმისა, რომ მათი მხრიდან გამოყენებული იყო საკმაოდ უწმაწური და უხამსი წინადადება, ეს მიემართებოდა კონკრეტული ურბანული პოლიტიკის გაპროტესტებას და არა კონკრეტული ადამიანის შეურაცხყოფას. შესაბამისად, თუ ადგილი ექნება კონკრეტული ადამიანის შეურაცხყოფას, პიროვნულ თავდასხმას, პიროვნული ღირსების შელახვას, ამ შემთხვევაში ეს ჩაჯდება შესაბამისი ნორმით გათვალისწინებულ ქმედებაში, სხვა შემთხვევაში ეს არის პოლიტიკური დისკუსიის საკითხი და ამ შემთხვევაში ეს სფერო იქნება დაცული გამოხატვის თავისუფლებით“, – ალექსანდრე დარახველიძე.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება.