არჩილ გორდულაძე – სპეციალური სამმართველოს შექმნის შესახებ: მნიშვნელოვანია, მკაფიო ზღვარი იყოს გავლებული გამოხატვის თავისუფლებასა და სხვა პირის ღირსების დაცვას შორის
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე მთავრობის ახალ ინიციატივას ეხმაურება, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება.
როგორც მან „რუსთავის 2“-ის გადაცემაში „დებატები“ აღნიშნა, აუცილებელია განსხვავებული აზრი არსებობდეს, თუმცა არავის აქვს უფლება, სხვისი ღირსება შელახოს.
„ჩვენი მიზანია, ერთი მხრივ, იყოს უზრუნველყოფილი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რისი გარანტიაც არის სახელმწიფო, ხოლო, მეორეს მხრივ, უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის ღირსება, რომელიც არის ხელშეუვალი და ამ უფლებიდან გამომდინარეობს ნებისმიერი სხვა უფლება. არ არსებობს პრეცედენტი, არც ერთი ცივილიზებულ ქვეყანა, სადაც სხვა ადამიანის ღირსების შელახვა არ იწვევდეს პასუხისმგებლობას. ჩვენგან განსხვავებით, თუ ჩვენ შემთხვევაშია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გამოწვეული, სხვა ქვეყნების შემთხვევაში და ასეთი არაერთია, ეს არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დამდგენი, სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი.
შეგვიძლია ვისაუბროთ დიდ ბრიტანეთზე, საფრანგეთზე, დანიაზე, გერმანიაზე და ა.შ. მათ შორის, ახალი თანამედროვე გამოწვევებიდან გამომდინარე, საჯარო სივრცეში, სპეციალურად რამდენიმე დღის წინაც, ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში პირდაპირ ინიციატივა არის, რომ საჯარო სივრცეში გავრცელებული ლანძღვა-გინების გამო, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განხორციელდეს. იგივე პრაქტიკაა დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში.
აუცილებელია, რომ განსხვავებული აზრი არსებობდეს, განსხვავებული აზრის გარეშე უბრალოდ, შეუძლებელია ცივილიზებული სამყაროს წევრები ვიყოთ და რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის სასიკეთო გადაწყვეტილებები მივიღოთ. ამავდროულად, ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი კამათი იქნება, დისკუსია თუ დებატი, აუცილებლად უნდა იყოს ეს პატივისცემაზე დაფუძნებული და არავის არ აქვს უფლება, რომ სხვისი ღირსება ხელყოს. სტრასბურგის სასამართლოს არა ერთი გადაწყვეტილება არსებობს, სადაც პირდაპირ მითითებულია, რომ გამოხატვის თავისუფლება ეს როგორც არის უფლება, ამავდროულად ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. ამ უფლებით სარგებლობას აუცილებლად მოსდევს სხვისი უფლების დაცვის ვალდებულება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მკაფიო ზღვარი იყოს გავლებული გამოხატვის თავისუფლებასა და სხვა პირის ღირსების დაცვას შორის“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.