ჯორჯ კლუნის ქორწილის გამო ვენეციაში გადაადგილება შეიზღუდება
ვენეციის ხელისუფლება კინოვარსკვლავ ჯორჯ კლუნის და უფლებადამცველ-ადვოკატის ამალ ალამუდინის ქორწილის გამო ქალაქის ცენტრში ფეხით მოსიარულეთა გადაადგილების შეზღუდვას აპირებს. ამ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს. ბრიტანული მედია-კორპორაციის ინფორმაციით, საქორწინო ცერემონია ვენეციაში ორშაბათს გაიმართება. ვენეციის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა განცხადებით, ცერემონიის დღეს, თაყვანისმცემლების ჯგუფისგან მოსალოდნელი საშიშროების გამო, ერთი საათით გადაიკეტება მე-16 საუკუნით დათარიღებული კავალის სასახლისკენ მიმავალი გზები. ვენეციის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა განცხადებით, გზების გადაკეტვის გადაწყვეტილება პოლიციის რჩევით იქნება მიღებული. ჩინოვნიკმა დაამატა, რომ რესტორნები და მაღაზიები, რომლებიც ტურისტებს ემსახურებიან, ამ ღონისძიების შედეგად არ დაზარალდებიან. ბრიტანული ტაბლოიდის „Mirror“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცენტრალური მოედნისკენ მიმავალი გზების გარდა, კლუნის მიერ ცერემონიისათვის დაქირავებული ორი ოტელის გარშემო არსებული დიდი არხის ნაწილი, გონდოლებით გადაადგილებისთვისაც დაიკეტება.