დეტალები, რომლებიც “სტამბაში” სტუმრობას განსაკუთრებულ გამოცდილებად აქცევს

სასტუმრო “სტამბა” თბილისში 2018 წელს გაიხსნა. მას შემდეგ ეს ადგილი დიდი სიყვარულით სარგებლობს. მას ერთნაირი სიხშირით სტუმრობენ ადგილობრივები და უცხოელი ტურისტები. გამორჩეული ვიზუალით, სახასიათო ინტერიერით, მრავალფეროვანი კერძებითა და ბარით “სტამბამ” ქვეყნის მიღმაც გაითქვა სახელი. სტამბას კაფეში ქართული სამზარეულოს დაგემოვნება, შემდგომ კი ჭიქა ღვინით ამფითეატრში ჩამოჯდომა და ფოტოების გადაღება – თბილისში მოგზაურობის განუყოფელ ნაწილად იქცა.

მოდით, ერთად გადავავლოთ თვალი, მაინც რა აქცევს სტამბას გამორჩეულ ადგილად; რატომ მიიზიდა ამდენი ადამიანის ყურადღება და როგორ მასპინძლობს სასტუმრო როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ვიზიტორებს. 

შენობა და მისი ისტორია

სასტუმრო სტამბა ძველი საბჭოთა საბეჭდი სახლის შენობაში მდებარეობს, რომელიც Adjara Group-მა განაახლა. შენობა 1930-იან წლებშია აგებული და ინდუსტრიულ ეპოქას აცოცხლებს, თუმცა, ამავდროულად ახალი და მოდერნული დროის ამსახველია. ის ერთგვარი ხიდია წარსულსა და აწმყოს შორის. ისტორიული ფონი სასტუმროს ინტერიერშიც აისახება. მისი პირვანდელი იერსახე დღემდე შემორჩენილია ცალკეულ დეტალებში, რაც სასტუმროში ვიზიტს კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის.  

სასტუმროსთან ერთად, ნაგებობა აერთიანებს რესტორნებს, კაფეებს, ბარს, საერთო სამუშაო სივრცეს, მუზეუმს, გალერეას, ატელიეს. სტამბაში ვიზიტისას ერთდროულად რამდენიმე ადგილს შეგიძლია ესტუმრო. ეს განსაკუთრებით კომფორტულია უცხოელი ტურისტებისთვის, რომლებიც აქ მხოლოდ მცირე დროით არიან ჩამოსული. ზემოთ ჩამოთვლილი ადგილებიდან თითოეული მათგანი ერთმანეთისგან სულ რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით არის განლაგებული. მაგალითად, თუ საღამოს ვახშამი და მეგობრებთან ერთად კოქტეილების დალევა მოგინდება, შეგიძლია, სტამბას Pink Bar-ში დაჯდე, მოგვიანებით კი – იქვე, “ლოლიტაში” გადახვიდე. თუ ღვინის მოყვარული ხარ, Warehouse-ი ქართულ და ევროპულ კოლექციებს გთავაზობს. ერთი სიტყვით, სტამბაში არჩევანის მრავალფეროვნება დაგხვდება.

არქიტექტურა და დიზაინი

სტამბას ინტერიერში აქტიურად ვხვდებით ტროპიკულ მცენარეებს. სასტუმროს შესასვლელშივე უზარმაზარი კაქტუსები დაგხვდებათ. „ლობი ჯუნგლებით” – ეს სახელი ამ ადგილს დამსახურებულად შეერქვა. მცენარეული საფარის მრავალფეროვნებაა ეზოშიც. შენობის ექსტერიერსაც კი სურო აუყვება და ბუნებასთან კავშირს ინარჩუნებს. ეს დეტალები სასტუმროს განსაკუთრებულ იერსახეს სძენს. სტამბას დერეფნებში უამრავ ადამიანს დაინახავთ, რომლებიც გამორჩეული ესთეტიკის ფონზე ფოტოებს იღებენ. 

სტამბა ვინტაჟური ავეჯით არის გაფორმებული. დიზაინში აქტიურადაა გამოყენებული ხის ელემენტები. უზარმაზარი ფანჯრების წყალობით, მზის შუქი შენობის შიგნით იღვრება, რასაც ოთახებში სითბო და სინათლე შემოაქვს. მაღალი ჭერი, აგურის კედლები, რომლებსაც ალაგ-ალაგ დაძველების ეფექტი დაჰყვება, ტყავისა და ხავერდის დეტალები – ეს ყველაფერი სტამბას განსაკუთრებით გემოვნებიან ადგილად აქცევს. 

სტამბას სამზარეულო და ბარი

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც სტამბას სხვა სასტუმროებისგან გამოარჩევს, მრავალფეროვანი სამზარეულო და ბარია. აქ წარმოდგენილია როგორც ქართული, ისე ევროპული და აზიური კუთხე. მენიუში დაგხვდებათ ტრადიციული კერძებიც და უცხოური ნუგბარიც. არჩევანი თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. შეგიძლიათ, სრულიად ახალი კერძები დააგემოვნოთ ან უგემრიელესად მომზადებული, თქვენი საყვარელი ქართული კერძები მიირთვათ. 

სტამბას კოქტეილებიც სხვადასხვა გემოვნებაზეა მორგებული – არის ტკბილი და მომჟავო ვარიანტები. თითოეული მათგანი სპეციალური რეცეპტითა და ტექნიკით არის მომზადებული.

ეკომეგობრული მიდგომები

სასტუმრო სტამბაში 155 კვადრატულ მეტრზე ვერტიკალურ ფერმას – სფეისფარმს აშენებენ. ეს თბილისში პირველი ვერტიკალური ფერმაა და ის სპეციალურად აჭარა ჯგუფისთვის შეიქმნა. სფეისფარმსი 6  შვიდიარუსიან თაროს იკავებს. ფერმა ჯანსაღი მიკრომწვანილითა და ფოთლოვანი მცენარეებით უწყვეტად ამარაგებს აჭარა ჯგუფის ყველა რესტორანს.

სტამბას კერძებსა და საკონდიტრო ნაწარმში აქტიურად გამოიყენება უდაბნოს ფერმაში მოყვანილი პროდუქტიც. უდაბნო 15 ჰა-ზე გაშენებული ინოვაციური პროექტია – პირველი სრულად ორგანული ეკოსისტემა, რომელიც სოფლის მეურნეობას, აგროტურიზმს, პროფესიული განათლების შესაძლებლობებსა და „ფერმიდან მაგიდაზე“ კონცეფციას აერთიანებს.

კრეატიული გარემო

სტამბა არის ადგილი, სადაც თავს იყრიან შემოქმედებითი ადამიანები. დ ბლოკის საერთო სამუშაო სივრცე, რომელიც იმავე შენობაში მდებარეობს, ხელოვნების სხვადასხვა სფეროში დასაქმებულებს აერთიანებს. აქ დაგხვდებათ ფოტოგრაფიის მუზეუმი და გალერეა, სადაც პერიოდულად საინტერესო გამოფენები ეწყობა. სივრცე გაფორმებულია თანამედროვე ქართველი არტისტების ნამუშევრებით. სტამბაში სტუმრობა თავს ამ კრეატიული გარემოს ნაწილად გაგრძნობინებთ. 

შეჯამება

სტამბა, თავისი ისტორიით, გამორჩეული დიზაინითა და არქიტექტურით, მრავალფეროვანი სამზარეულოთი და ბარით, უამრავი სტუმრის გულს იპყრობს. ამ ადგილს ხშირად სტუმრობენ როგორც ადგილობრივები, ასევე ჩამოსული ტურისტები. სივრცე კრეატიული ადამიანებისთვის შთაგონების წყაროა და მათ კომფორტულ გარემოს უქმნის. სასტუმრო განსხვავებული ინტერესების ადამიანებს მასპინძლობს და მათ სხვადასხვა შესაძლებლობას სთავაზობს. 

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები