რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ინტერნეტ პროვაიდერის შერჩევისას
ბოლო პერიოდში ბაზარზე უამრავი ახალი ქართული და უცხოური მობილური ოპერატორი გამოჩნდა, რომელიც აბონენტებს სამოგზაურო ინტერნეტს სთავაზობს. არჩევანის მრავალფეროვნებამ გაზარდა პროვაიდერებს შორის კონკურენცია, რაც პოზიტიურად აისახება ხარისხზე. ცხადია, თითოეული მათგანი განსხვავებულ პირობებს გვთავაზობს.
თუ უცხო ქვეყანაში მიემგზავრები და MB-ების შეძენა გსურს, მნიშვნელოვანია, იცოდე, როგორ შეარჩიო პროვაიდერი. დღეს განვიხილავთ იმ მნიშვნელოვან ფაქტორებს, რომლებიც მობილური ოპერატორების შეფასებისას უნდა გაითვალისწინო.
დაფარვის არეალი
პირველ რიგში, აუცილებლად გადაამოწმე, ფუნქციონირებს, თუ არა შენ მიერ შერჩეული პროვაიდერი იმ ქვეყანაში, სადაც მიემგზავრები. ამის ნახვა მარტივად შეგიძლია საიტზე ან აპლიკაციიდან. დაათვალიერე ინტერნეტპაკეტების კატალოგი. მობილური ოპერატორები მომხმარებლებს რეგიონულ და ლოკალურ ინტერნეტპაკეტებს სთავაზობენ. დარწმუნდი, რომ ეს კონკრეტული ქვეყანა რომელიმე ჩამონათვალში არის. თუ საჭირო ინფორმაცია ვერ იპოვე, შეგიძლია, დახმარებისთვის საინფორმაციო სამსახურს მიმართო.
ხარისხიანი სერვისი
მობილური ინტერნეტის შემთხვევაში, ხარისხს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მთავარია, სწრაფი იყოს და სადაც უნდა წახვიდე, სტაბილური წვდომა გქონდეს. გასათვალისწინებელია ისიც, რამდენად სწრაფად იხარჯება MB-ები. ზოგიერთი პროვაიდერი აბონენტებს ინტერნეტს არარეალურად დაბალ ფასად სთავაზობს, თუმცა საზღვარგარეთ წასვლის შემდეგ, შესაძლოა, აღმოაჩინო, რომ MB-ები ელვის სისწრაფით იფლანგება.
აბონენტები ყურადღებას აქცევენ იმასაც, რამდენად გამართულია მობილური ოპერატორის საიტი და აპლიკაცია. რამდენი ხანი სჭირდება სერვისის გააქტიურებას, რამდენად მარტივია პროცესი, როგორ მუშაობს საინფორმაციო გუნდი, რამდენად სასიამოვნოა მათთან კომუნიკაცია, შეუძლიათ, თუ არა შენთვის გასაგებ ენაზე საუბარი.
ინტერნეტპაკეტების ღირებულება
ცხადია, ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, რომელიც მომხმარებლისთვის გადამწყვეტ როლს ასრულებს, ინტერნეტ პაკეტების ღირებულებაა. სანამ პროვაიდერს აარჩევ, გადახედე საბაზრო ფასებს, შეადარე ერთმანეთს სხვადასხვა ოპერატორის შეთავაზებები და საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მიიღე, რაც დარწმუნდები, რომ არსებულ ალტერნატივებს შორის, ეს უკანასკნელი ყველაზე ოპტიმალურია.
ფიზიკური და ელექტრონული SIM ბარათები
გაითვალისწინე, MB-ების შეძენა შესაძლებელია ფიზიკური SIM ბარათის ან ელექტრონული eSIM-ის ფორმით. eSIM-ის გააქტიურება სახლიდან გაუსვლელად, დამატებითი დაბრკოლებების გარეშე არის შესაძლებელი. ამის გამო ეს ალტერნატივა დღესდღეობით დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ eSIM-ის მხარდაჭერა ყველა მობილურ ტელეფონს არ აქვს. სანამ შეიძენ, დარწმუნდი, რომ შენი ტელეფონი ამის შესაძლებლობას გაძლევს.
დამატებითი შეთავაზებები
სტანდარტული სერვისების გარდა, მობილურ ოპერატორებს სპეციალური შეთავაზებები აქვთ. ფასდაკლებები ვრცელდება კონკრეტული ბარათის მფლობელებზე, დღესასწაულების პერიოდში, სხვადასხვა ელექტრონული მაღაზიების მომხმარებლებისთვის და ა.შ. ხშირად აბონენტებს MB-ების კონკრეტულ რაოდენობასაც ჩუქნიან. ყველა შეთავაზება ინდივიდუალურია, ამიტომ აუცილებლად შეამოწმე, რომელ პროვაიდერს აქვს შენთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობები.
შეჯამება
არჩევანის მრავალფეროვნება აბონენტებს საშუალებას აძლევს მათთვის ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტი აარჩიონ. თუ ზემოთ ჩამოთვლილ რჩევებს გაითვალისწინებ, აუცილებლად იპოვი შენთვის ყველაზე ოპტიმალურ შეთავაზებას, რომელიც ფინანსურად ყველაზე ხელმისაწვდომი იქნება და ამავდროულად, მოგზაურობის განმავლობაში სწრაფი და სტაბილური ინტერნეტით სარგებლობის საშუალებას მოგცემს.