შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო მიგრაციის მიმოხილვის მეორე ფორუმში, რომელიც ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში გაიმართა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ – ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო მიგრაციის მიმოხილვის მეორე ფორუმში, რომელიც ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში გაიმართა.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, შედგა მრავალმხრივი ინტერაქტიული დიალოგი მრგვალი მაგიდის ფორმატებში, ასევე გაიმართა პლენარული სესია, სადაც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა მიმოიხილეს მიღწეული პროგრესი უსაფრთხო, მოწესრიგებული და რეგულარული მიგრაციის გლობალური შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ.

ალექსანდრე დარახველიძემ, მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა საქართველოში მოქმედ თავშესაფრის კანონმდებლობასა და ბოლო პერიოდში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს და აღნიშნა, რომ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით დაიხვეწა საქართველოს კანონი საერთაშორისო დაცვის შესახებ და გამკაცრდა ქვეყნიდან გაძევების პროცედურები.

ალექსანდრე დარახველიძემ ასევე ისაუბრა რეადმისიის სფეროში ქართული მხარის წარმატებულ გამოცდილებაზე და ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე.

საერთაშორისო მიგრაციის მიმოხილვის ფორუმი წარმოადგენს ძირითად მთავრობათაშორის გლობალურ პლატფორმას, სადაც წევრი სახელმწიფოების მიერ ხორციელდება უსაფრთხო, მოწესრიგებული და რეგულარული მიგრაციის გლობალური შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ინფორმაციის გაზიარება და მიღწეული პროგრესის განხილვა.

ნიუ-იორკში საქართველოს დელეგაციას, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, იუსტიციის მინისტრის მოადგილე – გიორგი დგებუაძე ხელმძღვანელობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები