გნომების ქალაქი ვოლგისპირეთში
უცნაური ნაგებობების კომპლექსი იპოვეს მოყვარულმა არქეოლოგებმა, რომლებიც ვოლგისპირეთის უძველეს კულტურის სამარხებს იკვლევენ. მდინარე ვოლგის მარჯვენა სანაპიროზე არქეოლოგმა მაქსიმ კუჩეროვმა საკმაოდ უცნაური პატარა ქვის შესასვლელები იპოვა, რომლებიც აშკარად ბუნებრივი წარმოშობის არ არის. პატარა გვირაბები სიგანით 30, ხოლო სიმაღლით 20 სანტიმეტრია.
რუსი მეცნიერების აზრით, შესაძლოა, ეს ძველი ნაგებობების სავენტილაციო არხებია, ან კანალიზაციის ქსელი, მაგრამ ეს მოსაზრება ნაკლებად სავარაუდოა, რადგან პატარა გვირაბები მიწაში 6-7 მეტრი სიღმეზე ჩადის, აქედან გამომდინარე, შეუძლებელია ეს იყოს რამე კომუნიკაციის საშუალება. სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელები გვირაბში მოძრავი მინიკამერების ჩაშვებას აპირებენ, რაც სიღრმისეული გადაღების საშუალებას მოგვცემს. უძველესი გამოცემების და ადგილობრივი ლეგენდების თანახმად, აქ უძველეს დროში პატარა გნომები ცხოვრობდნენ, თუმცა სკეპტიკოსებს ამ მონათხრობის არ სჯერათ და უცნაური გვირაბების გამოკვლევას აგრძელებენ.