სამტრედიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნეს

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, საზეიმოდ აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქალაქის რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა.

შთამბეჭდავი იყო წელს სამტრედიაში პირველად, სამხედრო ტექნიკის გამოფენა.
რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დამთვალიერებელთა დიდი ნაკადი სწორედ ამ ლოკაციაზე შეინიშნებოდა.

მუნიციპალიტეტში არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და ინდივიდუალური
შემსრულებლების კონცერტი გაიმართა რკინიგზის სადგურის მიმდებარე სკვერში.

საზოგადოებას დღესვე მიეცა შესაძლებლობა ადგილობრივი მხატვრებისა და მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეების თემატური ნამუშევრები დაეთვალიერებინა, რომელიც ასევე რკინიგზის სადგურის მიმდებარე სკვერში იყო შესაძლებელი.

დამოუკიდებლობის დღეს არც ქართული ჭიდაობის გარეშე ჩაუვლია. საჭიდაო დარბაზში ფალავნების ბრძოლა გაიმართა.

დიდი ინტერესი მოჰყვა ოთხ დისტანციაზე ილორში არსებულ იპოდრომზე გამართულ
ძველ ქართულ საცხენოსნო სანახაობებს. მაყურებელმა იხილა ეროვნული სახეობები
ისინდის, ცხენბურთის, დოღისა და ყაბახის. ცხენოსნობის სახვადასხვა სახეობებში საპრიზო ადგილებსა და ნომინაციებზე გასულები სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიისგან ფულადი ჯილდოთი, საჩუქრებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

დღის კულმინაცია კი ანსამბლ „ქართული ხმების“ გალა კონცერტი იყო. მათ სცენაზე ცნობილი ჰიტები ააჟღერეს და სამტრედიელებს კიდევ ერთი სასიამოვნო საღამო უსახსოვრეს.

,,საუკუნეების მანძილზე ბრძოლით მოპოვებულ თავისუფლებას ქართველი ხალხი ყოველთვის სისხლის ბოლო წვეთამდე ინარჩუნებდა. ეს არ არის ადვილი საქმე. ჩვენ დღესაც უდიდესი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, მაგრამ ერთობით, მამულის, ენისა და სარწმუნოების პატივისცემით წინ, გამარჯვებისკენ უნდა ვიაროთ.”- განაცხადა დავით ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები