სახელმწიფო მინისტრის აპარატი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ დღესასწაულს ტრადიციულად მარნეულში მასპინძლობს
26 მაისი საზეიმოდ აღინიშნება მარნეულში, სადაც დილიდან მოსახლეობა „კიდევაც დაიზრდებიან“ ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზეა შეკრებილი. ადგილობრივებისთვის მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები, სპორტული აქტივობები, კონკურსები, საბავშვო სპექტაკლები და შოუები იმართება. მოწყობილია თემატური ინსტალაციები, ფოტო-ზონები, პავილიონები, მოსასვენებელი სივრცეები, ხელნაკეთი ნივთებისა და შემეცნებითი გამოფენები. ასევე, მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ადგილზე დაათვალიერონ თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა.
მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა და მარნეულის მერმა კენან ომაროვმა მიულოცეს. ამ წუთებში კი ადგილობრივი შემსრულებლები, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები კონცერტს მართავენ. ღონისძიება კულმინაციას 17 საათსა და 10 წუთზე მიაღწევს, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათ შორის მარნეულშიც საქართველოს ჰიმნი საზეიმოდ შესრულდება. საღამოს დაგეგმილ კონცერტზე კი ჯგუფი „გუფილენდი“ იმღერებს.
„სახელმწიფო მინისტრის აპარატი ტრადიციულად მარნეულში მასპინძლობს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ დღესასწაულს. დღეს აქ ნამდვილი სახალხო ზეიმია, რამდენადაც სხვადასხვა კულტურის, ეთნოსის, მრწამსის წარმომადგენელი ადამიანები ასაკის მიუხედავად ერთად ზეიმობენ დამოუკიდებლობის დღეს. დღეს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ისტორიისთვის, ასევე დღევანდელობისთვის, რადგან დამოუკიდებლობისადმი სწრაფვა გვაერთიანებს. ეს არის დღე რომელიც გვიყვარს და გვაძლიერებს,“ – განაცხადა სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა.