უძველესი ცივილიზაციების კვალდაკვალ
(პირველი ნაწილი)
დღეს, როდესაც მსოფლიო არქეოლოგია და სამყაროს ეზოთერული სწავლებები საერთო მიზნებს ემსახურება, უკვე საიდუმლო აღარ არის, რომ რამდენიმე ათასწლეულის წინ დედამიწაზე საოცრად განვითარებული ცივილიზაციები არსებობდა. სწორედ ამ ყველაფრის შედეგია ძველი ბაბილონის, ეგვიპტის, ჩინეთის, საბერძნეთის და სხვა ჩვენთვის ცნობილი კულტურების ჩამოყალიბება დედამიწაზე. რა თქმა უნდა, არქეოლოგიური გათხრების შედეგად მრავალი ნივთია ნაპოვნი, რომელიც როგორც ჩვენთვის ცნობილ ცივილიზაციებს, ასევე უცნობ არსებებს შეიძლება განეკუთვნებოდეს, მაგრამ მსგავსი ეჭვების მტკიცება დღევანდელ დღეს მხოლოდ უტოპიაა.
იმისათვის, რომ პრეასტრონავტიკული თეორიები საბოლოოდ დამტკიცდეს, აუცილებელია ნაპოვნი იქნას არტეფაქტები, რომლებიც ჩვენთვის უცნობი წარმომავლობის იქნება – მაგალითად, მეტალი, რომელიც არ დაჟანგდება, რაიმე ელექტროხელსაწყო, რომლის ასაკიც ათასობით წელი იქნება, ანდაც ჩვენთვის უცხო იარაღი, რომელსაც ეს არსებები აუცილებლად იყენებდნენ. სამწუხაროდ, ჩამოთვლილ საგანთაგან არც ერთი ჩვენს ხელთ არ არის, რის გამოც დედამიწაზე ჩვენთვის უცნობი ცივილიზაციების არსებობის შესახებ თეორიები მუდმივი დაპირისპირების მიზეზი ხდება.
მსოფლიოს მერვე საოცრება, ალბათ, სწორედ ის იქნება, თუ დამტკიცდება, რომ დედამიწის სხვადასხვა წერტილში განვითარებული ცივილიზაციები, მითებით და სხვადასხვა ხელნაწერებით იმ მოვლენებს აღწერენ, რომლებიც სათავეს ერთი და იგივე წყაროდან იღებენ, რომელიც, მრავალთა აზრით, არც კი არსებობდა. წარღვნის ანდაც სხვა კატასტროფის შესახებ ყველგან ერთ ფაქტს აღწერენ, რაც არანაირად არ მეტყველებს იმაზე, რომ ამა თუ იმ ცივილიზავიამ სხვისი გავლენის ქვეშ მოიგონა ეს ისტორია, რადგან, როგორც ვიცით და მოგვიანებით კიდევ დაწვრილებით შევიტყობთ, დაახლოებით 11 000 წლის წინ დედამიწის უდიდესი ნაწილი წყალმა დაფარა და ლოგიკურია, რომ შუმერები, ეგვიპტელები, ანდაც ამერიკელები სწორედ ამ მოვლენას გვამცნობენ. ხოლო რაც შეეხება სხვადასხვა ტერიტორიაზე უცნაური არსებების ბოლით, ჭექა-ქუხილით და მფრინავი ეტლებით გამოჩენის და მათ მიერ ხალხის განათლების დამადასტურებელი საბუთების უარყოფას და მათ ზღაპრებად შერაცხვას, ეს უდიდესი შეცდომაა და ოდესმე მეცნიერების დიდი ნაწილი იმ აზრამდე მივა, რომ მოცემული გადმოცემების აქცეპტირების გარეშე ყველანაირი მიღწევა შეფერხდება, რადგან ძველი ცივილიზაციების საიდუმლო სწორედ მითებშია ასახული. გამორიცხულია „ღმერთების“ ადამიანებთან კონტაქტების ფაქტებს ერთი სათავე ჰქონდეთ.
(გაგრძელება იქნება)