რა საიდუმლო საქმიანობას ეწევა რუსკა მაყაშვილი
მსახიობ რუსკა მაყაშვილის სახელი ბევ პროექტს უკავშირდება, თუმცა თითქმის არავინ იცის, რომ რუსკა მაყაშვილის სახელობის საბავშვო სტუდიაც არსებობს, თანაც საქველმოქმედო. რუსკა იქ რიტმიკასა და პლასტიკას ასწავლის.
ხშირად დაწერილა, რომ ბევრი მშობელი უსახსრობის ვერ ახერხებს შვილის დამატებით წრეებზე ტარებას. რუსკა მაყაშვილის სტუდია სწორედ ასეთ ხელმოკლე ოჯახის ბავშვებს ეხმარება.
დამფუძნებელი კი მსახიობი, რუსკას დედა თამარ მაყაშვილი გახლავთ.
– საიდან წამოვიდა სტუდიის დაფუძნების იდეა?
– მე მომივიდა ეს იდეა. ვხედავ, რომ ბავშვებში მიმდინარეობს არასწორი მენტალიტეტის ჩამოყალიბება. ძალიან მინდა, რომ სწორად აღიზარდოს მომავალი თაობა და სწორად აღიქვას მოვლენები, სწორად გაიგოს თეატრი და ხელოვნება. ადამიანების სოციალურ ფენებად დაყოფას ვერასდროს ვერ ვიტანდი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მშობლებიდან გამომდინარე, შემიძლია საკუთარი თავი მივაკუთვნო ელიტარულ ოჯახს, არასდროს ვუსვამდი ხაზს ამას, იმიტომ, რომ თავიდანვე უბრალოდ გვზრდიდნენ. ჩემს ოჯახში სხვადასხვა სფეროს კორიფეები იკრიბებოდნენ, მაგრამ ჩვენ სადად გავიზარდეთ. მე წამოვიკიდე ეს სტუდია, იმიტომ, რომ 10 ბავშვიდან თუნდაც 5 რომ გაიზარდოს ხელოვნებისა და თეატრის სწორად აღმქმელად, ბედნიერი ვიქნები. ეს არ გამიკეთებია იმისთვის, რომ შემოსავლის წყარო მქონოდა. ჩვენთან სწავლა 50 ლარი ღირს, მაგრამ გვაქვს შეღავათები, დედმამიშვილები 80 ლარს იხდიან, თუ ერთი ოჯახიდან სამი ბავშვი დადის, მაშინ 100 ლარია ღირებულება. თუმცა, სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებს საერთოდ არაფერს ვახდევინებთ და უსახსრობის გამო კარს არ ვუხურავთ. ეს გადასახადიც იმიტომ გვაქვს, რომ იჯარა გადავიხადოთ, თორემ დანარჩენები ენთუზიაზმზე ვმუშაობთ.
– კონკრეტულად რა საგნებს სწავლობენ ბავშვები?
– პირველ რიგში იღებენ განათლებას ყველა სფეროში. ათიდან რვა ბავშვს ელემენტალური ცოდნა არ აქვს, არ იცის ილია ჭავჭავაძე და გაგონილის დონეზე აქვს ინფორმაცია ამა თუ იმ დიდი შემოქმედის შესახებ. სწორედ ამიტომ ვასწავლით ყველაფერს, ჯდომიდან დაწყებული, ურთიერთობით გაგრძელებული, ლიტერატურითა და ხელოვნებით დამთავრებული. მე ეს ყველაფერი წამოვიწყე თუნდაც იმის გამო,
რომ ჩემი პატარა შვილიც იყოს ჩაბმული. სამწუხაროდ, დღეს ბავშვების გარკვეულმა ნაწილმა არ იცის, რა არის თეატრი, კინოში დაინახავენ ადამიანებს და ჰგონიათ, ესაა ყველაფერი.
– რა ასაკის ბავშვებს იღებთ?
– შარშან გვყავდა პატარებიც, მაგრამ მათთან მუშაობა ძალიან რთულია. ჩემი აზრით, ჩვენთან ბავშვები უნდა მოვიდენენ 9 -10 წლიდან, იმ პერიოდიდან, როცა უკვე აზროვნებას იწყებენ. მივუბრუნდები მუშაობის პროცესს, მათთან ვარჩევთ ლიტერატურას, ფიზკულტურის დონეზე ვაკეთებთ ვარჯიშებს, სწვლობენ ერთმანეთთნ კონტაქტს, ვსაუბრობთ ინტელექტუალურ თემებზე, თამაშ-თამაშით ვაზაირებთ ცოდნას მოზარდებს, მაგალითად, პატარებთან სწავლა თოჯინის შეკერვით დავიწყეთ და ა.შ.. ზოგ ბავშვს არ აქვს კარგად განვითარებული მეტყველების აპრატი და ამის გამოსწორებაზე ვზრუნავთ, მყავდა სმენადაქვეითებული ბიჭი, რომელიც დასთან ერთად დადიოდა. ცოტა ხანში ისე ჩაება აქტივობაში, რომ ბოლოს ყველანაირი კომპლექსი მოეხსნა. სილაღე აკლიათ ბავშვებს და ამაზეა სტუდია მომართული. სხვათა შორის, გასულ წელს ვაკის რაიონის გამგეობამ დააფინანსა ამავე რაიონის სოციალურად დაუცველი ბავშვების სწავლა 5 თვით, იმ თანხით გადავიხადეთ იჯარა, შევიძინეთ სათამაშოები, საჭირო ნივთები… ის ხუთი თვე გავიდა, მაგრამ ბავშვები დღესაც ჩემთან დადიან. ვაკის რაიონი აღმოჩნდა ერთადერთი, რომელმაც იზრუნა მოზარდების გახარებაზე.
წყარო: ambebi.ge