თბილისის ზოოპარკის ბინადარმა სპილო “გრანდმა” ადგომა შეძლო
თბილისის ზოოპარკის ბინადარი სპილო “გრანდი”, რომელსაც სპეციალისტებმა ურთულესი ოპერაცია ჩაუტარეს გადარჩა. გრანდი ამ დრომდე ანესთეზიის ქვეშ იმყოფებოდა და მისი გაღვიძება ვერ ხერხდებოდა. თბილისის ზოოპარკში შიშობდნენ, რომ სპილოს ფილტვებზე შეექმნებოდა პრობლემა და მისი გადარჩენა გართულდებოდა.
“ჩვენი სპილო დაახლოებით 6 ტონას იწონის, მწოლიარე მდგომარეობაში მყოფი ცხოველის სხეული მთელი სიმძიმით აწვება ფილტვებს. ამგვარი სიძლიერის დაწოლამ შეიძლება ფილტვების შეშუპება და სუნთქვის შეჩერება გამოიწვიოს. სპილოს ოპერაცია 10:00 საათიდან მიმდინარეობს, ანუ სპილო თითქმის 10 საათია ერთ პოზიციაში წევს, ამის გამო მისი სხეული დაბუჟებულია და დასუსტებულ ცხოველს წამოდგომა უჭირს. ამ წუთებში ინგლისელი ვეტექიმები მსჯელობენ, თუ როგორ შეიძლება დავეხმაროთ სპილოს წამოდგომაში.
დიდი მადლობა ჩვენი მხარდაჭერისა და გულშემატკივრობისთვის, უამრავი ადამიანი გვწერს, გვთავაზობენ დახმარებას და ეს ჩვენთვის ამ მდგომარეობაში ძალიან მნიშვნელოვანია. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის ძალა დაგვჭირდა, მაშინვე შეგატყობინებთ ჩვენი გვერდის საშუალებით“, – აცხადებდნენ ზოოპარკის ადმინისტრაციაში.
თბილისის ზოოპარკის ბინადარ სპილო გრანდის ურთულესი ოპერაცია დღეს ჩაუტარდა.
სპილო გრანდს ყბის ძვალთან საგანგაშოდ ახლოს მდებარე ეშვები აქვს მოტეხილი. ამ მდგომარეობაში ცხოველის დიდი ხნით დატოვება დაუშვებელია. ორგანიზმში მუდმივი ანთებითი კერის არსებობამ დროთა განმავლობაში, შესაძლოა, მისი დაღუპვა გამოიწვიოს, ამიტომ სპილოს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ოპერაციის გაკეთება და მოტეხილი ეშვების ამოღება გადაწყდა.