თბილისის ზოოპარკის ბინადარ სპილოს ურთულესი ოპერაცია უტარდება (ფოტო)

თბილისის ზოოპარკის ბინადარ სპილო გრანდის ურთულესი ოპერაცია უტარდება. გრანდი ანესთეზიის ქვეშაა და პირველი ეშვის ამოღების პროცედურა მიმდინარეობს. ზოოპარკის პრესსამსახურის ცნობით, ოპერაცია ამ დროისთვის გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. „ეშვების ამოღების ოპერაცია მეტად სერიოზული და დაძაბული პროცესია, რომელიც ათეულობით ადამიანის ძალისხმევას მოითხოვს. ერთი ეშვის მოშორებას რამდენიმე საათი სჭირდება, ასეთი დიდი ცხოველის ანესთეზიის ქვეშ ხანგრძლივად ყოფნა კი ძალზე სარისკოა. არსებობს შემთხვევები, როდესაც ოპერაციის შემდეგ ვეღარ ხერხდება სპილოს ანესთეზიიდან გამოყვანა და ცხოველი იღუპება. იმედია, ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი კარგად დასრულდება და ეს ურთულესი ოპერაცია გართულებების გარეშე ჩაივლის“, – აცხადებენ თბილისის ზოოპარკში.
მათივე ინფორმაციით, სპილო გრანდს ყბის ძვალთან საგანგაშოდ ახლოს მდებარე ეშვები აქვს მოტეხილი. ამ მდგომარეობაში ცხოველის დიდი ხნით დატოვება დაუშვებელია. ორგანიზმში მუდმივი ანთებითი კერის არსებობამ დროთა განმავლობაში, შესაძლოა, მისი დაღუპვა გამოიწვიოს, ამიტომ სპილოს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ოპერაციის გაკეთება და მოტეხილი ეშვების ამოღება გადაწყდა. ოპერაციას მსოფლიოში ცნობილი სტომატოლოგი პეტერ კერტესი ატარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები