ბექა დავითულიანი: სხვა გამოსავალი არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ გავხდეთ დასავლური ოჯახის სრულფასოვანი წევრები
„103 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა დამოუკიდებლობის მოპოვება შეძლეს და დღესაც ჩვენი სახელმწიფოებრიობა სწორედ 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტზეა დაფუძნებული”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
“1921 წელს ბოლშევიკურმა რუსეთმა საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქცია სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნები და ჩვენც ალყაში აღმოვჩნდით. დღეს სიტუაცია განსხვავებულია, განსხვავებულია კონტექსტი პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტებიც, თუმცა, იგივე რჩება ზრახვები რუსეთის მხრიდან და ნათლად ვხედავთ რეგიონში იმავე ტიპის გეოპოლიტიკური არქიტექტურის შექმნის მცდელობას.
დარწმუნებული ვარ, გვეყოფა კეთილგონიერება, დავდგეთ ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა, გავაერთიანოთ ძალისხმევა საერთო მიზნისთვის, მოვრიგდეთ წითელ ხაზებზე, რომელთა მიღმაც მთავრდება კონკურენცია და იწყება ქვეყნის ინტერესების დაზიანება.
დაკარგული ექვსი თვის შემდეგ, შარლ მიშელის დოკუმენტის გარშემო მიღწეულ შეთანხმება ამ მხრივ იმედისმომცემი ფაქტია და ვფიქრობ, რომ ამ დოკუმენტის ჩვენეული ინტერპრეტაციას კი არ უნდა ვეწეოდეთ ზოგიერთ შემთხვევაში, არამედ უნდა ვცდილობდეთ ამ დოკუმენტის სულისკვეთებით მომავალი თანმშრომლობის განხორციელებას, რადგან არავის მსოფლიოში, როდესაც ჩვენ გავაკეთებთ ოფიციალურ განაცხადს 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე, არცერთ პარტნიორს არ ჰქონდეს იმის ეჭვი, რომ ჩვენ ამას არ ვიმსახურებთ”, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე ბექა დავითულიანმა.