მხოლოდ გუშინდელი საუბარი რომ ავიღოთ, კიდევ უფრო სასაცილო ხდება ოპოზიციის განცხადებები, რომ აშშ თავს ანებებს საქართველოს, – ასე ეხმაურება იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო კომუნიკაციას.
მინისტრის თქმით, აშშ საქართველოს პარტნიორი, მეგობარი ქვეყანაა, რომელიც მას ყოველთვის გვერდით უდგას.
“მხოლოდ გუშინდელი საუბარი რომ ავიღოთ ორ პირს შორის, მხოლოდ ამ ერთი კონტაქტის ფონზე, კიდევ უფრო სასაცილო ხდება ოპოზიციის ის სპეკულაციები და განცხადებები, რომ აშშ თავს ანებებს საქართველოს და ქართველ ხალხს და რომ ამ მეგობრობასა და პარტნიორობაში ჩნდება რამე ტიპის ხინჯი. დასანანია, რომ ოპოზიციის მხრიდან, როგორც ეს ხდებოდა ბრიუსელში, რომლის მოწმეც მე გახლდით, საქმე ეხება ვიზალიბერალიზაციას, დღესაც ოპოზიცია აგრძელებს ბრძოლას საუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ბრძოლას საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც ახორციელებს, რომ როგორმე საქართველომ არ მიიღოს მხარდაჭერა, ქართველმა ხალხმა არ მიიღოს ის ფინანსური დახმარება და როგორმე საქართველო ვინმემ, სადმე გააკრიტიკოს. ეს არის არა „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, არამედ ჩვენი ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, რომლებსაც არავითარი წარმატების შანსი არ გააჩნია და ამას მოწმობს სწორედ გუშინდელი მეგობრული, პარტნიორული და სწორედ მომავალზე ორიენტირებული სატელეფონო კონტაქტი“, – განაცხადა წულუკიანმა.
წულუკიანის თქმით, საქართველო განუხრელად მიჰყვება თავისუფალი და გამჭვირვალე, სამართლიანი არჩევნების გზას.
„აღნიშნული სატელეფონო საუბარი კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა მაღალ დონეზეა. როგორც ორი მეგობარი ქვეყანა იხილავს ყოველთვის ერთმანეთისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, ასე მოხდა ახლაც. არსებობს აბსოლუტური დამთხვევა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე. ეს ის რეალიზებული აუცილებლობაა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა ამ ქვეყანაში. თუნდაც ის რომ გავიხსენოთ, რვა წლის წინ შეუძლებელი იყო ვინმეს ეფიქრა, რომ საარჩევნო სია სანდო იყო, დღეს ეს სია სანდოა. შეუძლებელი წარმოდგენა, რომ რომელიმე არჩევნების მეორე ტური ჩატარდებოდა, ჩვენ ამ წლების მანძილზე მრავლად გვქონდა მეორე ტურები, სადაც ამომრჩეველი თვითონ წყვეტს, ვინ იყოს ადგილობრივ თუ ცენტრალურ ხელისუფლებაში. ასე იქნება ახლაც და სწორედ ამის შესახებ შედგა საუბარი, რომ საქართველო განუხრელად მიჰყვება თავისუფალი და გამჭვირვალე, სამართლიანი არჩევნების გზას“, – განაცხადა წულუკიანმა.
ცნობისთვის, გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები განიხილეს.