ცაგერში ახალბედა ფერმერ ქალს საჩუქრად ხილისა და ბოსტნეულის 2 საშრობი გადასცეს (ვიდეო)
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში პროექტი „სოფლად მცხოვრები ფერმერების შემოსავლების გაზრდა და მათი ცხოვრების დონის ამაღლება – სასოფლო სამეურნეო ექსტენციის მხარდაჭერითა და ხარისხიანი მომსახურებით“ ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში, ცაგერის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ნასპერში მცხოვრებ ფერმერ ქალბატონს, მარტოხელა დედას, ხათუნა ღურჭუმალიძეს ხილის, კენკროვანი და ბოსტნეული კულტურების კომბინირებული (დენისა და მზის ენერგიაზე) საშრობი მოწყობილობები გადაეცა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს, არა მარტო მას შეუმსუბუქოს ხელით შრომა და გაუზარდოს შემოსავალი, არამედ – სოფელში მცხოვრებ სხვა ქალბატონებსაც ახალი, ეკოლოგიურად გამართლებული ტექნოლოგიებით ხილისა და ბოსტნეული კულტურების შრობის შესაძლებლობა მისცეს.
პროექტი გაერო-ს განვითარების პროგრამა საქართველოში ( UNDP ) „საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლებისა და ექსტენციის სისტემების მოდერნიზება“ ფარგლებში,
შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ( SDC ) – ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
როგორც “რეგიონულ კვირასთან“ ახალბედა ფერმერმა, ხათუნა ღურჭუმალიძემ განაცხადა, ის ძალიან გაახარა იმ ფაქტმა, რომ მისი შრომა დააფასეს, რადგან ფესტივალებზე გატანილმა მისმა პროდუქციამ – ჩირმა, აჯიკებმა, ჩურჩხელამ და სხვა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტმა, მოწონება და დაინტერესება გამოიწვია.
“ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი შრომა დაფასდა. ეს ორი დანადგარი, რომელიც დღეს საჩუქრად გადმომცეს, შესაძლებლობას მომცემს, დავამზადო ეკოლოგიურად სუფთა ჩირი და ბოსტნეული პროდუქტების ნაწარმი. ეს საჩუქარი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ჩვენი სოფელი ამით მდგრადობას შეინარჩუნებს, ჩაერთვებიან ქალები, მობრუნებულ ადამიანებს კი იმედს გაუჩენს”, – განაცხადა ახალგაზრდა ფერმერმა.
სოფლის მეურნეობის სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელი, ანა კანთელაძე სააგენტოს სახელით მადლობას უხდის ფონდ „აფხაზინტერკონტს“ იმ პროექტებისათვის, რომლებსაც იგი მხარეში ახორციელებს.
ფონდ „აფხაზინტერკონტის“ წარმომადგენელი, პროექტის “ფერმერთა შემოსავლების გაზრდა-ხარისხიანი მომსახურეობითა და ექსტენციით” პროექტის კოორდინატორი „რეგიონულ კვირასთან“ ჰყვება, რომ ხათუნა ღურჭუმალიძე დიდი ხანია, მცირე მეწარმეობას ეწევა რეგიონში და მისი დამზადებული პროდუქცია არაერთ გამოფენაზე ჰქონდათ გატანილი. მას „ლეჩხუმელ დიასახლისად” მოიხსენიებენ.
“ამ პროექტის ფარგლებში, მხარეში არაერთი საინტერესო ღონისძიება განხორციელდა და დღევანდელი დღეც ამის მაგალიათია. ხათუნა ღურჭუმალიძე ახალგაზრდა, დამწყები ფერმერი, პედაგოგი, სამი შვილის მარტოხელა დედაა. ის ძალიან მშრომელი ქალია და მთელი სოფლისა და რეგიონის ქალების მაგალითი. ჩვენ მას გადავეცით საშრობი დანადგარები, რომლებიც ელექტროენერგიაზეც მუშაობს და მზის ბატარეაზეც. ერთი ხილისთვის და მეორე ბოსტნეულისთვის. ამ პროექტის მიზანს სწორედ ფერმერების შემოსავლების ზრდა წარმოადგენს და იგი საშუალებას მისცემს ხათუნას, დაამუშაოს არა მარტო საკუთარი ხილი და ბოსტნეული, არამედ – შეიძინოს მეზობლებიდანაც და დაამზადოს ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური პროდუქტი“, -განაცხადა თამარ ელბაქიძემ.