„ქუთაისი გენდერული თანასწორობისთვის“- ქალაქის მერიამ ახალი კამპანია დაიწყო
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა ახალი კამპანია დაიწყო სახელწოდებით – “ქუთაისი გენდერული თანასწორობისთვის”. კამპანიის იდეის გათვალისწინებით ოთხი განსხვავებული პროფესიის, ასაკის და ინტერესების ქალი შეირჩა.
მარიამ მუკბანიანი კადეტია, ლილი ჯუმალი – მოკრივე, ნათია ჩიხლაძე – პარამოფარიკავე, თამთა კაპანაძე კი – გუგლის დეველოპერთა სტუდენტური კლუბის წევრი. ბანერები, ოთხივე ქალბატონის ფოტოთი, ქუთაისის სხვადასხვა უბანში განთავსდა.
„უდიდესი ბედნიერება იყო ჩემთვის იმის გაგება, რომ ლიცეუმმა გოგონებსაც მისცა შესაძლებლობა სწავლის გაგრძელებისა და მეც შემეძლო ვაჟების გვერდით ღირსეულად მეტარებინა საქართველოს თავდაცვის ძალების ფორმა“, – ამბობს მარიამ მუკბანიანი.
ნათია ჩიხლაძესთვის ფარიკაობა ცხოვრების სტილის შემცვლელი აღმოჩნდა, რადგან შესაძლებლობა აქვს ყველას დაანახოს რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.
„მივხვდი, რომ ფარიკაობა მხოლოდ ფიზიკური ვარჯიში არ იყო ჩემთვის. სპორტის ამ სახეობამ მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრების წესი და სტილი”, – ამბობს პარამოფარიკავე.
„უნდა იყო აქტიური და მოტივირებული – ესაა ძირითადი პრინციპები გუგლის დეველოპორეთა სტუნდეტურ კლუბში მოსახვედრად და მეც სწორედ ამ ნიშნით შემარჩიეს”, – გვიყვება თამთა კაპანაძე თავის გამოცდილებაზე, თუ როგორ მოხვდა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მძლავ კორპორაციაში.
ლილი ჯუმალი კი იმ თავდაუზოგავ შრომაზე ყვება, რომლის გაწევაც ქალ მოკრივეს ბავშვობიდან დღემდე ყოველდღიაურად უწევს.
„ მაშინ, როცა სხვა გოგონები თოჯინებით თამაშობდნენ, მე კრივის დარბაზში დავდიოდი სავარჯიშოდ. საქართველოს ჩემპიონიც სწორედ თავდაუზოგავი ვარჯიშით გავხდი“, – ამბობს ლილე ჯუმალი.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ აღნიშნული კამპანია ფემიციდის პრევენციისთვის ხელის შესაწყობად წამოიწყეს. ცნობისთვის, საქართველოში, ბოლო 6 წელიწადში 151 ქალი მოკლეს საკუთარი ოჯახის წევრებმა ან პარტნიორებმა, მათ შორის, ბოლო 2 თვეში – 8 ქალი.