ნინო ვიბლიანი: განიხილება რამდენიმე ადგილი, რომლიდანაც ერთი აირჩევა და საკარანტინო სივრცე განთავსდება
“სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით, განიხილება რამდენიმე ადგილი, რომლიდანაც ერთი აირჩევა და საკარანტინო სივრცე განთავსდება”, – ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ფოცხოეწერი, სადაც დღეს მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა, დღის წესრიგიდან მოხსნილია, რადგან იქ არსებული ინფრასტრუქტურა მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.
მისი თქმით, ერთ-ერთი ლოკაცია, სადაც შესაძლოა, საკარანტინო ზონა განთავსდეს, რუხის მრავალპროფილური საავადმყოფოა.
“ფოცხოეწერი მოხსნილია დღის წესრიგიდან, რადგან იქ არსებული ინფრასტრუქტურა არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. ჩვენ შევისწავლეთ იქ არსებული შენობა და ამის შემდეგ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. რეგიონის მასშტაბით განიხილება რამდენიმე ადგილი, რომლიდანაც აირჩევა ერთი, სადაც განთავსდება საკარანტინო სივრცე. ამჟამად, მიმდინარეობს შერჩევის პროცესი. მოსახლეობას განვუმარტავთ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. საკარანტინო სივრცეები ეწყობა იმისთვის, რომ, საჭიროების შემთხვევაში, მზად ვიყოთ შესაბამისი რეაგირებისთვის და კარანტინის პერიოდში მოქალაქეებს ჰქონდეთ კომფორტულ პირობებში ყოფნის საშუალება”, – განაცხადა ნინო ვიბლიანმა.