სოფელ ახალშენში მცხოვრები 10-მდე ოჯახი დახმარებას ითხოვს (ვიდეო)

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში მცხოვრები 10-მდე ოჯახი დახმარებას ითხოვს. მათი თქმით, ბათუმის შემოვლითი მაგისტრალის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებმა საცხოვრებელ სახლებს ბზარები გაუჩინა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, აღნიშნულ ტერიტორიაზე ახალი დასახლებულები არიან, შესაბამისად, სახლებიც ახალი აშენებულია, თუმცა, მშენებლობის გამო, უკვე დაიბზარა როგორც საყრდენი ბოძები, ასევე – კედლებიც.

გულიკო ჭარალიძე ახალშენში 2015 წლიდან ცხოვრობს. როგორც ის ,,რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას ამბობს,  მის ახალაშენებულ საცხოვრებელს ბზარები მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მიმდებარე ტერიტორიაზე შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყო.

პრობლემის დაფიქსირებისთანავე, ოჯახმა შესაბამის უწყებას მიმართა. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ადგილობრივი წარმომადგენლები ადგილზე აგვისტოს თვეში მივიდნენ. მონიშნეს დაზიანებული ადგილებიც და კვლევა ჩაატარეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ საგანგაშო მდგომარეობა არ ყოფილა.

მათივე თქმით, აგვისტოს შემდეგ სახლებს ბზარები მოემატა და ნაგებობეში ცხოვრება დღითიდღე საფრთხისშემცველი ხდება.

ადგილზე უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც იმყოფებოდა. უფლებადამცველი იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც შესაძლო უყურადღებობით ოჯახებს მიადგება. თამაზ ბაკურიძე პრობლემას, მაგისტრალის მშენებლობის გარდა  ტერიტორიაზე ქვის აფეთქებებსაც უკავშირებს. იგი შესაბამის ორგანოებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში “რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას აღნიშნეს, რომ აუცილებელია მოსახლეობის მხრიდან ხელახლა წერილობითი მიმართვა და განცხადებაში დეტალურად უნდა აღწერონ,  ამ ეტაპზე  რა მდგომარეობა ფიქსირდება. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ბზარები შემოვლითი გზის მშენებლობამ გამოიწვია, მოსახლეობას კომპენსაციით უზრუნველყოფენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები