ლენტეხში ამაღლების ეკლესიამდე მისასვლელი ბილიკის მოწყობა დასრულდა
დაბა ლენტეხში ამაღლების ეკლესიამდე მისასვლელი ხელოვნური ბილიკის (კიბის) მოწყობის სამუშაოები დასრულდა. დასრულებული სამუშაოები რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რწმუნებულმა, არჩილ ჯაფარიძემ ქალაქის მერთან, ბადრი ლიპარტელიანთან ერთად დაათვალიერა.
პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 322 504 ლარია, რეგიონული განვითარების ფონდის დააფინანსებით განხორციელდა. პროექტი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებდა. მოეწყო ამაღლების ეკლესიამდე მისასვლელი კიბეები გრანიტის ფილებით, ლითონის მოაჯირები, გარე განათება და გადმოსახედი ტერასები.
“ვიმედოვნებთ, რომ კიდევ უფრო გააქტიურდება ტურისტული ნაკადი. ასევე, გაიხსნება ზემო სვანეთისკენ მიმავალი დამაკავშირებელი გზა და ეს გახდება საინტერესო და მოთხოვნადი ადგილი. აქ მოეწყო კიბის სამასამდე საფეხური, კილომეტრნახევარი გზა და მოიკირწყლა ქვაფენილით, მსგავსი პროექტების განხორციელებას ვაპირებთ მიმდინარე წელსაც, რათა დღითიდღე უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდეს ჩვენი რეგიონი ტურიზმის მიმართულებით“, – განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი, ბადრი ლიპარტელიანი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ამაღლების ტაძრისკენ მიმავალი გზის მშენებლობას.
“მოსახლეობის უმეტესობა სწორედ ამ საფეხმავლო გრანიტის ბილიკებით სარგებლობს და დადის ამაღლების ტაძარში, შესანიშნავი პროექტი გამოვიდა თავისი განათებებით, სილამაზით. 6 საათის შემდეგ აქაურობა მთლიანად განათებულია. მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მოსწონს აქაურობა და ხშირად სტუმრობენ მას“, -განაცხადა მერმა.