ლონდონში ნატოს სამიტი იწყება – აქვს თუ არა ბლოკს “ტვინი გათიშული” და სხვა განსახილველი საკითხები
ლონდონში ნატოს ორდღიანი საიუბილეო სამიტი იწყება, რომელიც ალიანსის დაარსებიდან 70 წლისთავს ეძღვნება. თუმცა, ექსპერტების აზრით, სამიტი, დიდი ალბათობით საზეიმო ვითარებაში არ ჩაივლის, რადგან ალიანსის წინაშე დაგროვდა უამრავი საკითხი, რომელიც მსჯელობას მოითხოვს.
შეხვედრებზე ნომერ პირველი განსახილველი საკითხი, სავარაუდოდ, იქნება საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადება ნატოს „ტვინის გათიშვის“ შესახებ.
მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ „ევროპა უფსკრულის პირას დგას“, საჭიროა ევროკავშირმა თავი გეოპოლიტიკურ ძალადაც აღიაროს, რადგან „შესაძლოა, საკუთარ ბედზე კონტროლი დაკარგოს“.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ეჭვი შეიტანა ნატოს მეხუთე მუხლის ქმედუნარიანობაში, რომელიც გულისხმობს იმას „რომ ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმას განიხილება როგორც ბლოკზე თავდასხმა“.
მაკრონის პოზიციას ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი არ იზიარებს.
მისი თქმით, მუხლის ეს ჩანაწერი ბლოკის მთავარს არსს წარმოადგენს, „იქამდე, ვიდრე პოტენციურ აგრესორებს ეცოდინებათ, რომ ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა ორგანიზაციის პასუხს გამოიწვევს, იქამდე ვერავინ დაგვესხმება თავს.
სწორედ ამ წესის გამოა ალიანსი მსოფლიოში უძლიერესი ძალა. იმედს ვიტოვებთ, რომ ყველა წევრი, მათ შორის საფრანგეთი, შეასრულებენ იმ პირობებს, რომელიც შეთანხმებაშია გაწერილი“.
მაკრონს ასევე მოკავშირეებმა უპასუხეს და აღნიშნეს, რომ ბლოკი სიცოცხლისუნარიანია, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ გარკვეული პრობლემები შეინიშნება. საფრანგეთის პრეზიდენტმა დასვა რამდენიმე კითხვა, რომლებზეც მსჯელობა ალბათ მოუწევთ ბლოკის ლიდერებს. კერძოდ, მაკრონი ინტერესდება „ნატო კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციაა. ვის, ან რის წინააღმდეგ იცავს ის თავს? ვინ არის ჩვენი საერთო მტერი? რა არის ჩვენი საერთო თემები? არის თუ არა ჩვენი ამჟამინდელი მტერი რუსეთი? ან ეს ჩინეთია? როგორც ჩანს ჩვენი საერთო მტერი ტერორიზმია“.
სამიტს ემატება თურქეთის ლიდერის ქმედებაც, კერძოდ ის, რომ სირიაში აშშ-ის მოკავშირეებზე მიაქვს იერიში, ასევე რუსულ იარაღს ყიდულობს. კიდევ ერთ განსახილველ საკითხს წარმოადგენს ალიანსის ბიუჯეტში შენატანი, რაზეც აშშ-ის ლიდერი დონალდ ტრამპი აქტიურად საუბრობს. ის თვლის, რომ ყველაზე მეტ შენატანს აკეთებს და დანარჩენებმა იგივე უნდა გააკეთონ, მაგალითად, გერმანიამ.
გარდა ამისა, ტრამპი ეჭვქვეშ აყენებს პოსტულატს, რომ აშშ-მა დასავლეთის დასახმარებლად უნდა გაილაშქროს. რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ აშშ-ი ალიანსთან შენატანის ახალ ფორმულაზე შეთანხმდა, რომლის მიხედვით, შეამცირებს სამოქალაქო ბიუჯეტის დაფინანსებას, რითაც საბოლოო ჯამში, გერმანიასთან თანაბარ პირობებში აღმოჩნდება.
თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ ბერლინი შენატანის გაზრდისთვის არის მზად.
გარდა ამისა, ნატოს ლიდერები 2021-2024 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებენ. მოსალოდნელია ასევე, რომ ლიდერები იმ სტრატეგიას დაუჭერენ მხარს, რომელიც ჩინეთის მზარდ სამხედრო აქტივობაზე დაკვირვებას გულისხმობს და კოსმოსს საბრძოლო მოქმედებების კიდევ ერთ სფეროდ გამოაცხადებენ.