გარდაცვლილი დედა-შვილები  – ზესტაფონში მომხდარი ტრაგედიის დეტალები 

ზესტაფონში, ბიბილაშვილის ქუჩაზე, სადაც ახალგაზრდა ქალისა და მისი ორი მცირეწლოვანი შვილის ცხედრები აღმოაჩინეს, სამართალდამცველები მუშაობენ. შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული და შიგნით შესვლის საშუალებას არავის აძლევენ.

როგორც ირკვევა, გარდაცვლილი ქალი 25 წლის მირანდა სხილაძეა, რომელიც წარმოშობით ზესტაფონის სოფელ ილემიდან იყო.

ამასთან, მეზობლები ვარაუდობენ, რომ შემთხვევა დღის განმავლობაში მოხდა, რადგან მათ გარდაცვლილი ქალი გუშინ დაინახეს. მათივე თქმით, მირანდა სხილაძე მცირეწლოვან შვილებთან ერთად ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმიდან ​ ნაქირავებში სამი კვირის წინ გადავიდა. როგორც ირკვევა, გარდაცვლილი მეუღლეს გაშორებული იყო.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული – ზვიად შალამბერიძე. ის ადგილზე გაეცნო ვითარებას. მისი თქმით, უკვე დაზუსტებულია ინფორმაცია, რომ დედის და ორი მცირეწლოვანის გარდაცვალება ბინაში ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვებამ გამოიწვია.

ადგილზე პოლიცია და „სოკარ გაზის” წარმომადგენლები იმყოფებიან. თუმცა ოფიციალური კომენტარისგან თავს იკავებენ, რადგან მათი თქმით, ბინაში დამონტაჟებული გამათბობელი ჯერ არ შეუმოწმებიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე​ პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები