“რომეო მიქაუტაძეს ჩამოერთვა ძვირადღირებული საათები, ოქროს ზოდები, მონეტები, ბინა ესპანეთში” – პროკურორი

“მოსამართლემ სრულიად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და ყველა ბრალდებაში ცნო დამნაშავედ რომეო მიქაუტაძე. მას ბრალი ედებოდა კორუფციულ დანაშაულში, ასევე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის საქმის პროკურორი, ირაკლი მარშანია აცხადებს.

როგორც პროკურორი განმარტავს, სხვადასხვა უძრავ ქონებასთან ერთად, მიქაუტაძეს ესპანეთში მდებარე სახლი ჩამოერთვა.

“ამასთან, ჩამოერთვა ძვირადღირებული საათები, ოქროს ზოდები, მონეტები. გარდა ამისა, ჩამოერთვა შპს “ნახიდური ჰესში” 15%-იანი წილი, რომლის ღირებულება, იმ პირობებში, რომ ჯერ ჰესი ამუშავებული არ არის, შეადგენს 1 500 000 ლარს”, – აღნიშნავს მარშანია.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს ათი წლით პატიმრობა მიუსაჯა.

გარდა ამისა, მას სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავება აეკრძალა ორი წლის ვადით.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 2025 წლის 20 ივნისს დააკავეს.

რომეო მიქაუტაძეს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით ჰქონდა წარდგენილი ბრალდება, მათ შორის, 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რის გამოც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი დაირღვა. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე. ამას გარდა, შესაძლებელია თანამდებობის დაკავების აკრძალვა ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა სამ წლამდე ვადით.

გარდა ამისა, მიქაუტაძეს ბრალდება წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

დანაშაული ისჯება ჯარიმით ან სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე.

გარდა ამისა, მიქაუტაძეს ბრალდება წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებულის მიერ პირადად ან სხვისი მეშვეობით საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის დაარსებას, აკრძალვის მიუხედავად მის მართვაში მონაწილეობას და უკანონო შეღავათების, უპირატესობის მოპოვებას გულისხმობს მფარველობის გზით.

დანაშაული სასჯელის სახედ ექვსი თვიდან ორ წლამდე შინაპატიმრობას ან ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, სამ წლამდე ვადით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებს.

მიქაუტაძეს პროკურატურის მიერ ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მესამე ნაწილის გ ქვეპუნქტით, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს (ფულის გათეთრება), რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. დანაშაული ცხრიდან თორმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები