დიმიტრი ხუნდაძე: ლიბერალები ნელ-ნელა კარგავენ ინსტრუმენტს, რომ საქართველოს მოუტანონ ზიანი

„ლიბერალები ნელ-ნელა კარგავენ ინსტრუმენტს, რომ საქართველოს მოუტანონ ზიანი. ისინი ამით ცდილობენ საზოგადოებას არ აპატიონ ის სურვილი, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა და ჩვენი ხვალინდელი დღე განვსაზღვროთ და გადაწყვეტილებები მივიღოთ ჩვენ“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ლიბერალების მხრიდან საქართველოს დაზიანების მცდელობების სიაში შედის „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშიც.

„ბოლო პერიოდში, შეიარაღებიდან გამოიტანეს ვიზალიბერალიზაციის საკითხი და დაემუქრნენ საზოგადოებას ვიზების გაუქმებით. ახლა კიდევ მოძებნეს ახალი თემა. მისი ავტორი [მოსკოვის მექანიზმის ანგარიში], რომელმაც დააფორმულირა ეს ტექსტი, ესეც ერთ-ერთი შემოტევის ინსტრუმენტი იყო. თურმე ორ დღეში დაწერა 200 გვერდიანი დასკვნა. ამ დასკვნაში აქ შეხვედრების დროს გაჟღერებული არგუმენტები არსად მოიხსენია და მხოლოდ ოპოზიციის რადიკალურ ფრთაზე, არასამთავრობო სექტორის წინასწარ მიწოდებულ ინფორმაციაზე ააგო ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, აქ ეჭვსაც არ იწვევს არაფერი. მით უმეტეს, როდესაც ავტორი პოლონეთის მთავრობასთან დაახლოებული პირია. გახსოვთ, განცხადებებიც და ქმედებაც პოლონეთის ხელისუფლების მხრიდან, როდესაც სააკაშვილის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის მხარდაჭერა გამოხატეს. გახსოვთ ალბათ, როგორ ჩუმად ცდილობდნენ, რომ ბიოლოგიური მასალა წინდებით გაეტანათ ქვეყნიდან.

ასე იყო ახლაც ეს დოკუმენტიც. ასე რომ ჩვენ არ უნდა გვიკვირდეს. შესაძლოა კიდევ მოიფიქრონ ახალი რამ. მთავარია, რომ ჩვენ უკვე ჩამოგვიყალიბდა იმუნიტეტი და გადაწყვეტილებებს საზოგადოებასთან ერთად ვიღებთ ისე, რომ უპირატეს არჩევანს ვაკეთებთ ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოებაზე, ჩვენს სუვერენიტეტზე. არა უშავს, ცხელი ბომბების ცვენას ჯობია გავუძლოთ ასეთ შემოტევებს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები