გაერო-ს საჯარო სერვისების 2026 წლის ფორუმის თაობაზე შეხვედრა გაიმართა
საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა და გაერო-ს ჟენევის ოფისში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა რევაზ ლომინაძემ გაერო-ში აკრედიტებულ დიპლომატებსა და სახელმწიფოების მისიების ხელმძღვანელებს ინფორმაცია მიაწოდეს ფორუმის შესახებ, რომელიც თბილისში მიმდინარე წლის 23-25 ივნისს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ღონისძიების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ ფორუმი ხელს შეუწყობს საჯარო სექტორის შესაძლებლობების გაძლიერებას და მოქალაქეზე ორიენტირებული მმართველობის განვითარებას.
„2026 წლის ფორუმი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და გაერო-ს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის ერთობლივი ორგანიზებით ტარდება. მისი მთავარი თემაა „საჯარო ინსტიტუტების ტრანსფორმაცია: ინოვაციის, ანგარიშვალდებულების, მონაწილეობისა და ინკლუზიის განვითარება“. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფოთა მაღალი დონისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, თემატური ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციები.
საინფორმაციო შეხვედრას გაერო-ს ჟენევის ოფისმა უმასპინძლა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.