კალასი: ევროკავშირი მზადაა, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დასრულებას შუამავლობა გაუწიოს
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ბრიუსელი აქტიურად მუშაობს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების დეესკალაციაზე და მზადაა, მხარეებს დიპლომატიური გზით დაეხმაროს.
“როიტერთან” ინტერვიუში კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი უკვე მართავს კონსულტაციებს რეგიონის ქვეყნებთან, მათ შორის სპარსეთის ყურის სახელმწიფოებთან, იორდანიასთან და ეგვიპტესთან, რათა მოიძებნოს კონფლიქტიდან გამოსვლის გზები.
მისი თქმით, ევროკავშირი განიხილავს შესაძლებლობას, მხარეებს, ირანს, ისრაელსა და შეერთებულ შტატებს, ისეთი გადაწყვეტები შესთავაზოს, რომლებიც მათ “რეპუტაციის შენარჩუნების” საშუალებას მისცემს.
კალასის განცხადებით, მიმდინარე კონფლიქტი უკვე აისახება ევროპაზეც. მისი თქმით, ირანის ქმედებებმა, მათ შორის ჰორმუზის სრუტის ბლოკირებამ, ენერგომატარებლების ფასების ზრდა გამოიწვია.
ევროკავშირის მთავარი დიპლომატის თქმით, ვითარების დიპლომატიური გზით მოგვარება აუცილებელია, რათა რეგიონში სტაბილურობა აღდგეს და გლობალური ეკონომიკური რისკები შემცირდეს.