დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი: საზღვარგარეთიდან ელოდებიან ავტორიტეტულ ექიმს ან ექიმთა ჯგუფს, რათა თავიანთი გამოცდილებით კიდევ ერთხელ შეაფასონ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა
“ექიმებმა დაადასტურეს, რომ საზღვარგარეთიდან ელოდებიან ექიმს ან ექიმთა ჯგუფს, რათა შეაფასონ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა”,- ამის შესახებ სამების ტაძრის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა, თეიმურაზ თათარაშვილმა კავკასიის მედიცინის ცენტრთან ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, როგორც ექიმები ამბობენ, კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამწუხაროდ, არც თუ ისე სახარბიელოა.
“მედპერსონალი შეხვდა საზოგადოებას, სადაც იყვნენ, როგორც სასულიერო პირები, ისე საერო ადამიანები და განაცხადეს, რომ მდგომარეობა სამწუხაროდ არც თუ ისე სახარბიელოა, თუმცა მათ ხელთ არსებული ყველა სამედიცინო, ადამიანური რესურსი არის ჩართული ამ განკურნების სასწაულებრივი გამოსწორების ვითარებაში. მათ დაადასტურეს თავიანთ სიტყვაში, რომ ელოდებიან გავლენიან და ავტორიტეტულ ექიმს ან ექიმების ჯგუფს საზღვარგარეთიდან, რომლებიც მოდიან საქართველოში, რათა მათ თავიანთი გამოცდილებით კიდევ ერთხელ შეხედონ არსებულ სიტუაციას და თავიანთი სიტყვა თქვან ამ მდგომარეობასთან დაკავშირებით”,- აცხადებს დეკანოზი.