კახეთში ღვინის საწარმოებს ყურძენი 4 ათასამდე მევენახემ ჩააბარა

კახეთის რეგიონში, რთველი 2019-ის დაწყებიდან დღემდე, ყურძენი საწარმოებს უკვე 4 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესი კახეთში ორგანიზებულად მიმდინარეობს. რთველის საკოორდინაციო შტაბი მობილიზებულია, რომ მევენახეებმა ყურძნის შეუფერხებლად ჩაბარება შეძლონ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 14 სექტემბრის 12:00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 37 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული: 21 ათასი ტონა რქაწითელი, 11 ათასი ტონა საფერავი, 2,5 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

გასული დღეღამის განმავლობაში, კახეთის რეგიონში 50-მდე ღვინის საწარმომ 7 ათასამდე ტონა ყურძენი გადაამუშავა, რაც მიანიშნებს, რომ რთველი კახეთში აქტიურ ფაზაშია. ყურძნის გადამუშავების პროცესში დღეს  კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 50-ზე მეტი ღვინის საწარმო იქნება ჩართული.

რთველის საკოორდინაციო შტაბში უკვე დარეგისტრირდა ღვინის მწარმოებელი 220 კომპანია, რომლებიც რთველის პროცესში სხვადასხვა დროს ჩაერთვებიან.

წელს კახეთის რეგიონში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები