პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ მორიგი აქცია მიმდინარეობს
პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ მორიგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები სკანდირებენ: „აქ ვართ, მაკრონ!“
მეტროს შესასვლელებთან, ასევე, მიმდებარე ქუჩებზე გაძლიერებულია პოლიციის პატრულირება. ამჟამად, ქალაქში მსვლელობა მიმდინარეობს. კოლონას წინ პოლიცია უძღვება, თუმცა აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება ჯერჯერობით არ მომხდარა.
საფრანგეთში მასობრივი აქციები 17 ნოემბერს დაიწყო. აქტივისტები საწვავზე ფასების ზრდას აპროტესტებდნენ. საპროტესტო გამოსვლები პოლიციასთან შეტაკებაში არაერთხელ გადაიზარდა. აქციებს მსხვერპლიც მოჰყვა, დაიღუპა ოთხი ადამიანი.
2019 წლის 1-ელი იანვრიდან საფრანგეთში ბენზინზე ფასის 2,9 ცენტით, დიზელზე კი, 6,5 ცენტით გაზრდა იგეგმებოდა, თუმცა საპროტესტო აქციების შედეგად, ხელისუფლება დათმობაზე წავიდა. კერძოდ, ფინანსური დოკუმენტიდან საწვავზე გადასახადის გაზრდის პუნქტი საერთოდ ამოიღეს. მანამდე კი საუბარი იყო გადასახადის მომატების მხოლოდ 6 თვით შეჩერებაზე.