“ილია მეორე ნამდვილად ადამიანი იყო; დარწმუნებული ვარ, ღმერთი მას გულში ჩაიკრავს” – მეუფე ზენონი
“ილია მეორე ნამდვილად ადამიანი იყო, დარწმუნებული ვარ, ღმერთი მას გულში ჩაიკრავს”, – ამის შესახებ მეუფე ზენონ იარაჯულმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შესახებ საუბრისას განაცხადა.
„პირველ რიგში, ის მინდა ვთქვა, რომ მისი შვილი ვიყავი მე, შვილობილი და 10-15 წუთი დამჭირდა, რომ შემოვეშვი. გზა გამეგო, საიდან შევსულიყავი და შეიძლებოდა თუ არა შესვლა. წირვა დაიწყო და მე ახლა თქვენს წინ ვდგავარ იმიტომ, რომ ვერ შემოვედი. პასუხი თვითონ უნდა გამცენ, რატომ ვერ შემოვდიოდი.
ახლა მეორე საკითხი, პატრიარქი უიშვიათესი ადამიანი იყო. უპირველეს ყოვლისა, ადამიანი იყო, ძალიან დიდი კულტურა ჰქონდა. თანალმობის, სხვად ყოფნის ნიჭი ჰქონდა, საოცარი პიროვნება იყო. ძალიან ბევრი რამ შემიძლია ვთქვა მის შესახებ. თქვენ წარმოიდგინეთ, ყოველდღიურად დილით ლოცვას რომ ატარებდა, 06:00 საათზე დგებოდა ხოლმე, ზოგჯერ ჩამეძინებოდა და გამაღვიძებდა: „იმედო, ლოცვა იწყება“ – მეტყოდა ხოლმე. ძალიან ისეთი პიროვნება იყო, მლოცველი და ადამიანი. მისი მოღვაწეობა და ავტორიტეტი საერთაშორისო საეკლესიო წრეებში და ისედაც, ყველასთვის ცნობილია. ყველას ძალიან გული გვტკივა.
სიყვარულზე დიდი რა არის. ღმერთი, ვისაც სახელი არ აქვს, მან პირობითად ჩვენთვის სახელი დაირქვა, სიყვარული ვარო და როცა ადამიანებს უყვარხარ, ამაზე დიდი ჯილდო და საჩუქარი არაფერია. მე არ ვარ იმ კატეგორიის, გაფეტიშება და გაკერპება რომ იციან ადამიანის. მე გელაპარაკებით, ის ნამდვილად ადამიანი იყო, დარწმუნებული ვარ, ღმერთი მას გულში ჩაიკრავს. ყველა ადამიანს გვაქვს ჩვენი სისუსტე, ნაკლი, ცოდვა, სრულყოფილი არავინაა. ყველას მიუტევოს. ადამიანი რომ გქვია, ე.ი შენ უნდა მიგიტევოს ღმერთმა ადამიანური ცოდვები“, – აღნიშნა მეუფე ზენონმა.