„თბილისიდან ერაყში ჩაბრძანებულმა მაცხოვრის ხატმა ცეცხლი არ მიიკარა“… – მწერალი, რომელსაც თავისი ყველა გმირი უყვარს

დაიბადა თბილისში, ბავშვობიდან უყვარდა კითხვა და ლიტერატურა. წარჩინებით დაამთავრა უცხო ენათა უნივერსიტეტი ინგლისური ენის განხრით  და საბანკო-საფინანსო ინსტიტუტის მარკეტინგის მენეჯერის ფაკულტეტი.
დაწერილი აქვს წიგნები: „ნიღბების ქალაქი“ (2009 წელს), „გორდიას კვანძი“ (2010 წელს) და „სარაბური“ (2012 წელს); 2019 წელს – „სად არის ჩემი მეგობრის წერილი“ და „ძირითადი ფერები“ (ინგლისურ ენაზე).
2010 წელს გურამ რჩეულიშვილის სახელობის კონკურსში წარმატებით მონაწილეობისთვის წიგნი „ნიღბების ქალაქი“ წამახალისებელი პრემია „ალავერდით“ დაჯილდოვდა.
მისი ნოველები, 2010 და 2011 წელს, დაიბეჭდა ახალგაზრდა პროზაიკოსთა კრებულ „ალავერდში“.
2010 წელს მისი ნოველა  უახლესი პროზის ანთოლოგიაში შევიდა.
მისი დეტექტივები შესულია „ქართული დეტექტივის“ მე-8 ტომში.
თარგმანები, ზღაპრები და რომანები იბეჭდება ჟურნალებსა და გაზეთებში: „სარკე“, „მკურნალი“, „ანეული“, „კვირის პალიტრა“, „ქრონიკა“, „ლიტერატურა და ხელოვნება“.  – მწერალ მაკა სეფაშვილის პერსონა.

– ბავშვობაში ძალიან მიყვარდა კითხვა. როცა მეუბნებოდნენ, რომ რაიმე წიგნისთვის პატარა ვარ, ჯერ ადრეა, პირიქით, უფრო მეტად ვინტერესდებოდი, როგორ ვერ გავიგებ-მეთქი. კარგად ვსწავლობდი. აქტიური ბავშვობა მქონდა, დავდიოდი მუსიკაზე, ცეკვაზე, სპორტზე, მაგრამ თავისუფალ დროს ყოველთვის ვკითხულობდი. ძალიან მომთხოვნი ვიყავი და ვარ საკუთარი თავის მიმართ. ყოველთვის მინდოდა, შემექმნა რაღაც განსხვავებული, განსაკუთრებული, ისეთი რაღაც გამეკეთებინა, რაც სხვებს არ შეუძლიათ.
მშობლები ყველაფერში მედგნენ მხარში, ეს უფრო დამეხმარა, რომ დამოუკიდებელ ადამიანად ჩამოვყალიბებულიყავი.
უცხო ენათა უნივერსიტეტი ინგლისური ენის განხრით დაამთავრეთ, ასევე საბანკოსაფინანსო ინსტიტუტის მარკეტინგის მენეჯერის ფაკულტეტზე სწავლობდით…  მაინც რომელი იყო თქვენი მოწოდება?
– პროფესიით ლინგვისტი ვარ, ინგლისური ენის განხრით. წითელ დიპლომზე დავამთავრე. მეორე საბანკო-საფინანსო ინსტიტუტი დავასრულე, ისიც წარმატებით. ბიზნესი მაინტერესებდა, განსაკუთრებით მარკეტინგი, ბიზნესის ფილოსოფია.
ცხოვრებიდან გამომდინარე მიმუშავია სხვადასხვა სფეროში პედაგოგად, მარკეტოლოგად, მენეჯერად.
 პირველი წიგნი „ნიღბების ქალაქი 2009 წელს გამოიცა…  მას მოჰყვა „გორდიას კვანძი  და სარაბური
– წერა გვიან დავიწყე. პირველი სერიოზული რაც დავწერე ეს იყო ზღაპარი „ნიღბების ქალაქი“, რომელიც გაზეთმა „კვირის პალიტრამ“ დაბეჭდა.
შემდეგ გამოვიდა წიგნი სათაურით – „ნიღბების ქალაქი“, სადაც შევიდა რომანი „ლუკა“, ზღაპრები დიდებისთვის და ნოველები. 2010 წელს გურამ რჩეულიშვილის სახელობის კონკურსში წარმატებით მონაწილეობისთვის წიგნმა „ნიღბების ქალაქმა“ მიიღო ფულადი და წამახალისებელი პრემია „ალავერდი“…
– რომანი „ლუკა“ რეალურ, ზოგჯერ, მართლაც, სასწაულებრივ ისტორიებზეა…
– რომანში მოქმედება ერაყის ომში მიმდინარეობს, მთავარი მოქმედი გმირი დაქირავებული მკვლელია, რომელიც ომში მიდის. დიდი შრომა ჩავდე, არ მინდოდა, ზედაპირული გამოსულიყო. ამიტომ წავიკითხე მრავალი წიგნი სამ ენაზე – ერაყის გეოგრაფიაზე, ისტორიაზე, წეს-ჩვეულებებზე, მუსულმანურ რელიგიაზე. მინდოდა, მკითხველისთვის საინტერესო და ინფორმაციული ყოფილიყო.
ქართველი ჯარისკაცის ნაამბობს ეფუძნება ერთი სცენა, როგორ დაიწვა ქრისტიანული სამლოცველო კარავი, მაგრამ სასწაული მოხდა და თბილისიდან ჩაბრძანებულ მაცხოვრის ხატს ცეცხლმა ვერაფერი ავნო – ხატმა ცეცხლი არ მიიკარა. ეს ამბავი იმ ჯარისკაცმა მიამბო, რომელიც თავად მსახურობდა ერაყში.
ნამდვილ ფაქტებს და ამბავს ეფუძნება მოთხრობა – „გზა, რომელსაც მივყავართ“…
სარდაფში ჩაკეტილ ჯაჭვით მიბმულ მოძღვართან, გაუსაძლის პირობებში, სისხლისფერბუმბულიანი ჩიტი შეფრინდება… კიდევ, დაურის ჯანმრთელობის ლოცვებს რომ უკითხავდა, ესეც ნამდვილია…
 ამ მოთხრობამ რევაზ ინანიშვილის სახელობისერთი მოთხრობისკონკურსში გაიმარჯვა და მეორე პრემია აიღო. როგორია მოთხრობის შექმნის პრეისტორია
– ნამდვილი ამბავია მოთხრობილი, წლების წინ მომიყვა ადამიანმა, ვისაც ეს თავად გადახდა და მითხრა, რომ მინდა, ამის შესახებ დაწეროო. კონკურსის გამოცხადების შემდეგ დავიწყე სრულიად სხვა რაღაცის წერა და მერე გადავიფიქრე და გადავწყვიტე ეს მოთხრობა „გზა, რომელსაც მივყავართ“… დამეწერა.
იცით, როგორაა, შინაგანი დუღილი, იდეების დამუშავება სულ მიდის, მაგრამ ეს დღის შუქზე, როდის გამოვა, ამას შინაგანად გრძნობს მწერალი, შეიძლება მაშინვე დაწერო ან წლები დასჭირდეს, სანამ მივა ბოლო კონდიციამდე. ძირითადი ამბავი ნამდვილია, მაგრამ, რასაკვირველია, ბევრი დავამატე, რომ უფრო ემოციური და საინტერესო ყოფილიყო. მოვლენების აღწერა კი არ არის მთავარი, უფრო მნიშვნელოვანია ამ ამბიდან მიიღო მთავარი, აზრი, იდეა, რისთვისაც ის შეიქმნა.
– 2012 წელს გამოვიდა მესამე წიგნი „სარაბური“…
– სარაბური ქალაქია ტაილანდში, რომელიც ჭაობიან ადგილს ნიშნავს. საკმაოდ მძიმე თემაზეა, შიდსით დაავადებულ ადამიანებზე. ვიყავი ინფექციურ ცენტრში, რომ შემეგროვებინა ინფორმაცია ამ დაავადებაზე. რთული იყო. რატომ იცით? მწერლები საკუთარ თავზე განიცდიან რასაც წერენ.  მაგრამ მაინც ვცდილობ, რომ სინათლე ვიპოვო სიბნელეში, ხსნა ყველგანაა, მთავარია, ადამიანმა მოინდომოს.
ჩემი ნაწარმოებები სულიერ და პიროვნულ თავისუფლებაზე, თვითდამკვირდებაზეა. მჯერა, რომ თუ ადამიანი მოინდომებს, ყველაფრის შეცვლა შეუძლია, სანამ ხარ, უნდა იბრძოლო. ყველაფერი არჩევანია, ბოროტებაც. ცხოვრება ყოველთვის შეეცდება, რომ გატეხოს ადამიანები, მაგრამ ეს არ ამართლებს ბოროტებას, ბოღმას, შურს.
ამის მიუხედავად, ყველა ჩემი გმირი მიყვარს და ვაძლევ გამოსწორების შანსს.
დეტექტივებსაც წერთ, რომლებიც შესულია ქართული დეტექტივის მე-8 ტომშირამ გადაგაწყვეტინათ დეტექტივების წერა?
– დეტექტივების წერა მიყვარს. ცოტა მწყინს, როცა დეტექტივს სერიოზულ ჟანრად არ მიიჩნევენ, თუმცა გაცილებით რთული დასაწერია, ვიდრე, მაგალითად, ჩვეულებრივი ნოველა. თითოეულ სიტყვას აქვს მნიშვნელობა, თან ძალიან საინტერესოა. მიყვარს კლასიკური დეტექტივი აგატას სტილში, ბოლოს რომ ხდება კვანძის გახსნა და ყველაფრის გამოაშკარავება.
ჩემი დეტექტივი „განკითხვის დღე“ ჟურნალ „მკურნალში“ დაბეჭდეს. შემდეგ შეიქმნა „ვირუსი“, რესპირატორულ დაავადებებზე, რომ მკითხეს, დაავადებაზე ეს ყველაფერი საიდან იცითო, მეცინება ამაზე. ვცდილობ, ტექსტები იყოს პროფესიონალურ დონეზე ინფორმირებული, ამისთვის ვკითხულობ წიგნებს, ვეძებ ინფორმაციას ინტერნეტში.
თარგმანები
– ნათარგმნი მაქვს ინგლისურიდან ქართულად და გამოქვეყნებული დეტექტივები, ნოველები. ჟურნალ „ანეულში“ დაიბეჭდა ჩემი თარგმანი მოცარტის წერილების, ძალიან საინტერესო იყო, მოცარტის შესახებ უფრო მეტი გავიგე, მისი დამოკიდებულება მამის, ცოლის და მეგობრის მიმართ.
 ამაზონზე იყიდება თქვენი წიგნებიმოგვიყევით, რომელი კრებულებია და მათი დაინტერესების შესახებ
– ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიყავი. იქ ჩემი ორი წიგნი ჩავიტანე, ერთი საბავშო სათაურით „სად არის ჩემი მეგობრის წერილი“ და მეორე ჩემი ზღაპრების ჩემივე თარგმანი “ძირითადი ფერები“. ორი წლის წინ საბავშვო ლექსი დავწერე ინგლისურად და სწორედ ამერიკაში წასვლის წინ  გამიჩნდა იდეა, რომ ეს ლექსი წიგნად მექცია. არაჩვეულებრივი ილუსტრაციები დახატა ხათუნა არჩვაძემ.
თავიდან როცა ჩავედი, არ ვიცოდი, საიდან დამეწყო, დამიჯერეთ, ძალიან რთულია, როცა არავინ გყავს, რომ დაგეხმაროს ან გზა გაგიკვალოს. ღმერთის წყალობით ვნახე კომპანია, რომელიც დაინტერესდა ჩემი წიგნებით. ჯერჯერობით გამოვიდა ელექტრონული ვერსიები და დაიდო ცნობილ მაღაზიებში – „ბარნსი“ და „ნობელი“, „კობო“, „გუგლი“, „ამაზონი“ და სხვა.
– ჰობი…
– მიყვარს მოგზაურობა, ახალი უცნობი ადგილების მონახულება. სამკაულების კეთება, მწერალი რომ არ გამოვსულიყავი, ალბათ დიზაინერი ვიქნებოდი.
–  როგორ წერთ? შთაგონება გჭირდებათ?
– ჩემმა მეგობრებმა გამახსენეს, ერთხელ რესტორანში ვიყავით და უცებ კალამი ამოვიღე და ხელსაწმენდზე დავწერე თურმე რაღაც, რაღაც იდეა მომივიდა. ამიტომ როდის მოდის შთაგონება და მუზა, ვერ გეტყვით ზუსტად.
– რას შეცვლიდით თქვენ ირგვლივ?
– ადამიანებმა ერთმანეთს რომ უფრო მეტად მოუსმინონ, ყველაფრის გამოსწორება შეიძლება, თუ ადამიანმა მოინდომა. არა მოჩვენებითი სიკეთე, ერთმანეთის უფრო მეტად გატანა და სიყვარული! და მინდა ეს ინტერვიუ ჩემი რომანიდან „ლუკა“ ნაწყვეტით დავასრულო:
„არ აქვს მნიშვნელობა ვინ უფრო ცოდვილია. რას ნიშნავს იყო ნამდვილი ადამიანი? ასეთია ცხოვრება, სანამ ცეცხლში  ოქროსავით არ დაიბუგები და დაიწვები, მანამდე ცუდი მინარევებისგან არ გათავისუფლდები! შენში ის მბჟუტავი შუქი ჩანს, რომელიც დრო მოვა და აგიზგიზდება. როდესაც უფსკრულის ქარაფიდან მოწყვეტილი ქვევით ეშვები, თან იცი, რომ როცა დაბლა ჩავარდები, შენი სისხლით იქაურობა მოირწყვება, მაგრამ იფიქრე, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ, დრო გაქვს და შეგიძლია რაღაც შეცვალო; იქნებ კლდეზე გამოშვერილი ტოტი დაინახო, ხელი სტაცო და თავი გადაირჩინო, მთავარია, შეამჩნიო ეს ტოტი!“

 

 თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები