ბავშვობიდან ხატავდა. სამხატვრო სკოლის შემდეგ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მოდელირების ფაკულტეტი დაამთავრა. ხელნაკეთი აქსესუარების დამზადება 15 წლის წინ დაიწყო. საახალწლო სათამაშოებს და ასევე საახალწლო სასაჩუქრე ნაკრებებს აკეთებს. ასევე, მაღაზიებს აფორმებს, ვიტრინების მოხატვით არის დაკავებული.- ელენე კერესელიძის პერსონა.
– ბავშვობა… ძალიან ლაღი და მხიარული, სადაც მე მუდმივად ან რაიმე როლს ვასრულებდი (ვინსცენირებდი) ან ვხატავდი. მეოთხე კლასიდან სერიოზულად მოვეკიდე ხატვას, ჩავაბარე სამხატვრო სკოლაში და აქედან დაიწყო ჩემი სამხატვრო კარიერა.
– სტუდენტობა მძიმე 90-იან წლებს დაემთხვა….
– შემდეგი ეტაპი სამხატვრო აკადემიაა. ეს არის თან საინტერესო, მაგრამ, სამწუხაროდ, საკმაოდ მძიმე. სამოქალაქო ომის პერიოდი. ამიტომ სტუდენტობა, მოგეხსენებათ, შესაბამისად გავატარე, მაგრამ ახალგაზრდული სილაღე ისეთია, რომ მაინც „თითქოს იოლად“ გადაგაქვს.
აკადემიაში ლექციებს ისეთი სამაგალითო ხალხი მიკითხავდა და საოცარ პრაქტიკას გავდიოდი, მაინც მიყვარს ის შავ-ბნელი პერიოდი. მოდელირებაზე ვსწავლობდი და მოდის ბევრ ფესტივალში მივიღე მონაწილეობა, 1995-დან 2005 წლამდე ამ მიმართულებით სერიოზულად ვმუშაობდი.
– პორტრეტები, ნატურმორტები, პეიზაჟები… შთაგონება თუ გჭირდებათ?
– რა სტილს ვხატავ… როგორც ვთქვი, დავამთავრე მოდელირების ფაკულტეტი-მეთქი, პორტრეტებს, ნატურას, ნატურმორტებს და პეიზაჟსაც მხოლოდ სტუდენტობის პერიოდში ვხატავდი. საგნებად გავდიოდი, მაგრამ ჩემი მაინც ფერადი გრაფიკაა, გვქონდა ასეთი საგანი. ეს არის გარემოს, საგნების, თუნდაც ნატურმორტისაც კი ფერში დაშლა და მოდერნიზება. ეს უფრო ჩემი აღმოჩნდა.
შთაგონება, ასე მგონია, ყველა ადამიანს სჭირდება ნებისმიერი საქმის გაკეთებაში და მით უმეტეს ხელოვანს, რა თქმა უნდა, ყოველ წუთს შეიძლება წამოვიდეს ინსპირაცია, რომ ვერც წარმოიდგენს სხვა, ისეთი სიტუაცია გარემოებებიდან.
– ერთი ნამუშევრის შექმნის ისტორია.
– საინტერესო ისტორია ასე უცებ ერთი გამახსენდა – ზამთარია, უშუქობა, დევს ძველებური 70-იანი წლების კალენდარი, დიდი, გადასაფურცლი, სადაც იაპონელი ქალები დგანან ნაციონალურ კოსტიუმებში, და დავიწყე ამ ორნამენტების ამოღება ჩემებურად, ისე ვხატე, არც გამიგია, დრო როგორ გავიდა, ტუშით, შავ-თეთრში. და ერთი წითელი ყვავილი გავაკეთე… ბოლოს მივხვდი, რატომ – ჩუტყვავილა მქონდა და ეტყობა შინაგანი მდგომარეობა გადმოვეცი.
– ხელნაკეთი აქსესურების კეთება სულ გიყვარდათ…
– 90-იანებში იმდენად მწირი იყო მასალა, ეზოში თუ რამე გამხმარ ტოტს და ლამაზი ფორმის გამხმარ ყვავილს ვნახავდი, სულ სავსე მქონდა სახლი. ასე სერიოზულად ერთი 15 წლის წინ დავიწყე, შეკვეთები მქონდა როგორც საახალწლო კორპორაციული კომპანიებისთვის, ასევე ინდივიდუალური, უმეტესად, საახალწლო სათამაშოებს. ასევე საახალწლო სასაჩუქრე ნაკრებებს ვაკეთებ.
– ახალი წელი ახლოვდება… საახალწლო ნაკეთობები უკვე გამოჩნდა ინტერნეტსივრცეში.
– საახალწლოდ ძირითადად ჩემგან მიწოდებულ დიზაინს ელოდებიან, ყოველ წელს მაქვს რაიმე თემა აღებული, ხან კანფეტების, ხან სასაცილო გოგონების, ხან ანგელოზების, ხან ნაყინების და ტკბილეულის…
– კიდევ რა სიახლეები გექნებათ წინასაახალწლოდ?
– წინასაახალწლოდ 3 წელია მაღაზიებს ვაფორმებ, ვიტრინების მოხატვით ვარ ასევე დაკავებული.
– ავტოპორტრეტი?
– ავტოპორტრეტი ნახატი არ მაქვს, შინაგანი ავტოპორტრეტის შექმნას თუ გულისხმობთ, ალბათ პატარაობაში ჩემი ოცნება იყო თავისუფალ და მხატვარ ან ხელოვან ადამიანებს რომ ვხედავდი, ჩემთვის ვამბობდი, მეც ამათი ნაწილი უნდა გავხდე-მეთქი, ხელოვნების ნაწილი.
– ჰობი…
– ჰობი… ჩემი საქმის კეთების გარდა, რაც პროფესიაც არის, ჰობიც და ყველაფერი, ალბათ სხვებისთვის რაიმე დახმარების გაწევა, თუ რამე შემიძლია ფიზიკურადაც და ბავშვები! ბავშვებთან ურთიერთობა! ვხდები პატარა და სამყარო გარშემო ჩერდება.
– პირველი შემფასებელი?
– ჩემი ნამუშევრების პირველი შემფასებელი ყოველთვის ჩემი ოჯახის წევრები არიან.
– გამოფენები…
– აი, ზუსტად აწი ვგეგმავ ისეთ პერსონალურ გამოფენას, როგორიც მე მინდა, რომ იყოს. იმედია, უახლოეს მომავალში მოვახერხებ, ჯერ ბევრი სამუშაო მაქვს, როგორც ნახატებზე, ასევე სამსახურებრივი, მაგრამ ყველაფერს მოვერევი და აუცილებლად პირველ რიგში თქვენ დაგპატიჟებთ ჩემს გამოფენაზე.













თამარ შაიშმელაშვილი