ქვეყნის მასშტაბით საახალწლო კონცერტები გაიმართება
საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროსა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით საახალწლო ღონისძიებები გაიმართება.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონცერტები ჩატარდება საქართველოს ყველა რეგიონში – 62 მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანსა და წეროვანში.
მრავალფეროვან საახალწლო კონცერტებში მონაწილეობას მიიღებენ: კულტურის სფეროში მოღვაწე ქართველი შემსრულებლები, მუსიკალური ანსამბლები, ბენდები და შემოქმედებითი კოლექტივები. პროგრამა სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრს აერთიანებს და გათვლილია ყველა ასაკის მსმენელზე.
ძირითად მუსიკალურ პროგრამასთან ერთად, ჩატარდება საბავშვო აქტივობები: ზღაპრის გმირების წარმოდგენები.
ღონისძიებაზე მისულ პატარა სტუმრებს თოვლის პაპა სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემს.
საახალწლო კონცერტების მთავარი მიზანია რეგიონებში სადღესასწაულო განწყობის შექმნა.
კონცერტების სერია 20 დეკემბერს დაიწყება, რომელიც 31 დეკემბრის ღამეს დასკვნითი ღონისძიებებით დასრულდება.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.