რევაზ სოხაძე: მინდა ყველა მშობელს და ბავშვს ბოდიში მოვუხადო, ვისაც არასწორად დაგეგმილი ან არაკეთილსინდისიერი კომპანიების გამო უწევთ არასათანადო გარემოში განათლების მიღება
მინდა ყველა მშობელს და ბავშვს ბოდიში მოვუხადო, ვისაც არასწორად დაგეგმილი ან არაკეთილსინდისიერი კომპანიების გამო უწევთ არასათანადო გარემოში განათლების მიღება, – ამის შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ სასკოლო ინფრასტრუქტურაზე საუბრისას გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.
მისივე თქმით, სამშენებლო პროცესების გააქტიურებასთან ერთად ხარისხთან მიმართებით კომპრომისი არ განიხილება.
„დღეს ეს ნამდვილად სერიოზული გამოწვევაა ჩვენთვის და დავისახეთ სტრატეგიად, რომ ეს პრობლემაც ძალიან მალე გადავჭრათ. ყველა მოცულობის სკოლასთან მიმართებით გვექნება ტიპური პროექტები, რომ შემდგომ ნებისმიერ ახალ ლოკაციაზე მისი გადაპროექტება მოკლე დროში განხორციელდეს. ყველაფერმა შეიძლება მოიცადოს, მაგრამ რაც ეხება ბავშვების განათლებას არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.