მაია ბითაძემ და გელა სამხარაულმა „მწვანე და აგრო სტიპენდიების“ პროგრამის ფარგლებში, სტუდენტების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ და სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გელა სამხარაულმა „მწვანე და აგრო სტიპენდიების“ პროგრამის გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მათ ახალგაზრდებს გამარჯვება მიულოცეს და პროფესიული განვითარების გზაზე წარმატებები უსურვეს.
„მსურს, კომიტეტის სახელით, სრული მხარდაჭერა გამოვხატო იმ პროცესისადმი, რასაც აგრარული და გარემოს დაცვითი განათლების ხელშეწყობა ჰქვია. სწორედ, ეს არის ის იშვიათი პროფესიები რა მიმართულებითაც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად ვმუშაობთ. მნიშვნელოვანია უფრო და უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდეს როგორც აკადემიური, ასევე პროფესიული მიმართულებით. ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად ყოფნა და მხარდაჭერის გამოხატვა ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებიც თავიანთ ძალისხმევას არ იშურებენ, რათა გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება მომავალი თაობებისთვის სულ უფრო მიმზიდველი გახადონ“,- აღნიშნა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას მაია ბითაძემ.
გამარჯვებულ სტუდენტებს მიესალმა სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული.
„ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ღონისძიებები ხორციელდება აგრარული მეურნეობის განვითარების კუთხით. ამ ღონისძიებების შედეგად, უამრავი მიმართულება გამოიკვეთა, სადაც ჩვენი ქვეყანა კადრების მწვავე დეფიციტს განიცდის, ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდების წახალისება, რათა მომავალში ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს და ახალგაზრდებმა მიიღოთ თანამედროვე ცოდნა, რაც სჭირდება სოფლის მეურნეობის განვითარებას. ჩვენ გვსურს კიდევ უფრო მეტი მექანიზმი შევქმნათ საიმისოდ, რომ სოფლის მეურნეობაში დასაქმება გახდეს უფრო საინტერესო და შემოსავლიანი, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს და უფრო მეტ ადამიანს შეეხოს ის სიკეთე, რომლის მოტანაც აგრარულ სექტორს შეუძლია“, – აღნიშნა გელა სამხარაულმა.
წელს სტიპენდია 72 სტუდენტს გადაეცა, მათ შორის 32-მა სტუდენტმა „მწვანე სტიპენდია“, ხოლო 40-მა სტუდენტმა – „აგრო სტიპენდია“ მიიღო.
სტიპენდიანტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები არიან. პროგრამის ფარგლებში თითოეულ მათგანს 1500-ლარიანი სტიპენდია გადაეცა.
„მწვანე და აგრო სტიპენდიების“ პროგრამის გამარჯვებული სტუდენტები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ბაია კვიციანმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ, სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენლმა საქართველოში დაგლას უებმა დააჯილდოვეს.
„მწვანე და აგრო სტიპენდიების“ პროგრამა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ 2022 წლიდან ხორციელდება. პროგრამა ხელს უწყობს გარემოსდაცვითი და აგრარული დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაციას, წარჩინებული სტუდენტების წახალისებას და მათთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობის შექმნას შესაბამის სახელმწიფო უწყებებში.
„მწვანე და აგრო სტიპენდიების“ პროგრამა პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება, რომელიც დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების მიერ, ხოლო მის განხორციელებას გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს.