„ახალი წელი მოდის. არ იცით, რით გაახაროთ პატარა? აჩუქეთ უმაღლესი ხარისხის ხელნაკეთი სათამაშო.
მე ვარ ლიზი, 12 წლის და ვქმნი ხელნაკეთ სათამაშოებს“, – ასეთი წარწერა შეგხვდებათ პატარა ხელოვანის გვერდზე, სადაც უამრავი სხვადასხვა ნაქსოვი სათამაშოა გამოფენილი: კუ, დათუნია, ბეკეკა, მელა, გოჭი, კურდღელი, დათვი, ირემი, სპილო, თოვლის გუნდა, ლომი, ფუტკარი, ძაღლი…
ლიზი ჯერ 12 წლის არის. სათამაშოებს კი 10 წლიდან ქსოვს. როგორც ამბობს, გამოფენაც ჰქონია. ხელსაქმის სიყვარული დედისგან დაიწყო, შემდეგ კი თავადაც ისწავლა. ქსოვს მისი დაც – ელენე. – ლიზი ელყანიშვილს რამდენიმე კითხვით მივმართეთ.
– როგორ დაიწყეთ ქსოვა?
– ჩემით იუთუბიდან ვისწავლე ქსოვა
– ყველაზე მეტად რისი მოქსოვა გიყვართ?
– კურდღლის…
– თან სწავლობთ, თან ქსოვთ…
– თავისუფალ დროს ვქსოვ… პატარა პრინცი, სტიჩი, პეპა გოჭი და გუნდა, ლოკომოკო ლომი…ჩამონათვალი ვრცელია…
– ერთი ნაქსოვის ისტორია...
– ერთმა მომხმარებელმა თავისი მოთხრობიდან პერსონაჟი შეგვიკვეთა, დახატა და ისეთივე მოვქსოვეთ, ძალიან გახარებული იყო.
– Toy.soft.ge. – ამ გვერდით გამოიმუშავებთ თანხას, შრომის საფასურს… ბევრს მოსწონს თქვენი ნახელავი…
– დადებითი ემოცია მოდის ხალხისგან და ამით უფრო მეტი მოტივაცია მიჩნდება მოსაქსოვად…
– ყველაზე მეტად რომელ ნამუშევრებს იძენენ?
– ბაჭიას…
– შთაგონება თუ გჭირდებათ?
– მუშაობისას ჩვეულებრივ ვუყურებ რამეს, ჩემივე მოქსოვილი სათამაშოს სურათს ან რამე მულტფილმს, ან მეგობარს ველაპარაკები… არ მაქვს რაიმე სქემა ქსოვისთვის.
– ახალი წელი მოდის. იმედია, საახალწლო თემა უფრო მეტად გააქტიურდება…
– საახალწლო სათამაშოებთან დაკავშირებით, შემიძლია შეკვეთები ავიღო და მომხმარებლის სასურველი სათამაშო მოვქსოვო…
– როგორ ხვდებით ახალ წელს. რას დაამზადებთ თავად?
– ახალი წლისთვის – ირემს.
– როგორ გიდგანან მხარში ოჯახის წევრები?
– ოჯახის წევრები მოტივაციას მაძლევენ, რომ ჩემი საყვარელი საქმიანობა კარგად გამომივიდეს.
– გამოფენები…
– ადრე გავდიოდი გამოფენებზე, ახლა ონლაინ მაღაზია მაქვს და ონლაინ ვიღებ შეკვეთებს…




თამარ შაიშმელაშვილი