რევაზ სოხაძე: რიკოთის დარჩენილ 4-კმ-იან მონაკვეთს გავხსნით წლის ბოლომდე და ეს ამ წლის ბოლო, დამაგვირგვინებელი მნიშვნელოვანი ღონისძიება იქნება
„რიკოთის დარჩენილ 4-კმ-იან მონაკვეთს გავხსნით წლის ბოლომდე და ეს ამ წლის ბოლო, დამაგვირგვინებელი მნიშვნელოვანი ღონისძიება იქნება. რიკოთი არის ერთ-ერთი რთული საინჟინრო პროექტი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში განხორციელდა. მნიშვნელოვანია, რომ ეს მონაკვეთი სრულდება და ჩვენ შეუფერხებლად შეგვეძლება რიკოთის მაგისტრალზე მოძრაობა“, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ.
მინისტრმა ასევე, ისაუბრა სხვა მიმდინარე და დაგეგმილი მაგისტრალური პროექტების მშენებლობებზე.
„კახეთის მიმართულებით ასევე აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები. თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი უკვე აშენებულია თუმცა იქ გარკვეული სამუშაოები მიმდინარეობს იმ ხარვეზების გამოსასწორებლად, რაც იყო. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს საგარეჯო-ბადიაურის 17-კმ-იანი მშენებლობის პროცესი და უახლოეს პერიოდში, მომავალ წელს ჩვენ გამოვაცხადებთ ბადიაურიდან ბაკურციხემდე ოთხ ზოლიანი მონაკვეთის მშენებლობას. პრემიერის დავალებით აქტიურად დავიწყეთ გურჯაანი-თელავის საპროექტო სამუშაოები.
ასევე, მნიშვნელოვანია სტეფანწმინდის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოები. დღეს აქტიურად მიმდინარეობს და მართლაც უნიკალური პროექტია გამომდინარე იქიდან, რომ მთელს რეგიონში ყველაზე მაღალი ხიდი – 166 მეტრიანი, თავისი საინჟინრო კონსტრუქციით უნიკალური ხიდი შენდება. დასრულებულია 9-კმ-იანი გვირაბის მშენებლობა, რაც თავისთავად მთელს რეგიონში განსაკუთრებული პროექტია, ეს არის კობი-ქვეშეთის მონაკვეთი. უახლოეს პერიოდში დაიწყება სამუშაოები წიწამური-ჟინვალის მონაკვეთზე, ფასანაურის შემოვლით გზაზე, რაც საბოლოო ჯამში მოგვცემს საშუალებას, რომ მაგალითად, ისეთ ტურისტულად აქტიურ ზონაში, როგორიც არის გუდაური თბილისიდან მხოლოდ ერთ საათში ჩავიდეთ“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.