„ბუნებრივი ქვისგან დამზადებული აქსესუარები წლის ნებისმიერ დროს სასურველი საჩუქარია“ – ინგა გურეშიძე, ღამის სიჩუმეში კლასიკური მუსიკის ფონზე შექმნილი სამკაულები და „სხვა სამყარო მაგიდაზე“

განათლებით ბიბლიოთეკარი. ოთხ წელზე მეტია ბუნებრივი ქვებისაგან აქსესუარებ ქმნის. ამბობს, რომ ქვებზე მუშაობას პანდემიის დროს ჩაეყარა საფუძველი.
მინდა მქონდეს სალონი-სახელოსნო, სადაც ადამიანებს შევთავაზებ ჩემს შემოქმედებას. ჩავატარებ ამ სივრცეში მასტერკლასებდა ვაზიარებ ყველას ნატურალური ქვების სამყაროს. აქსესუარის დიზაინერის, ინგა გურეშიძის პერსონა.

 – საოცრად კარგი ბავშვობა  მქონდა. დავიბადე და გავიზარდე იმერეთის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელში. იქ დავამთავრე საშუალო სკოლა. მშრომელი ოჯახის შვილი ვარ, სამი და-ძმა ვიზრდებოდით. აღგვზარდეს კაცთმოყვარე და მშრომელ ადამიანებად და მოგვცეს, შესაბამისი განათლებაც. სკოლის პერიოდი შინაარსიანი და კარგი იყო, ხშირად დავდიოდით საქართველოს სხვადასხვა კუთხის მოსანახულებლად, რაც უფრო ხელს უწყობდა და აღრმავებდა მეგობრებსა და კლასელებს შორის კარგ ურთიერთდამოკიდებულებას.
– პროფესიით ბიბლიოთეკარი ხართ…
– წიგნების კითხვა უზომოდ მიყვარდა და მიყვარს. ბავშვობაში ვსარგებლობდი როგორც სასკოლო ბიბლიოთეკით, ისე სასოფლო ბიბლიოთეკებით.  ალბათ წიგნების სიყვარულმა განაპირობა პროფესიის არჩევაც.
–   პირველი ნაკეთობანი…
– პანდემიის დროს, როგორც უმრავლესობა მეც უმუშევარი დავრჩი და დავიწყე ფიქრი გამოსავლის ძიებაში. სამსახური დაიკეტა და ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, დამეწყო ეს საქმიანობა. ჩემი ჩანაფიქრი შვილებს გავანდე. მათაც მხარი დამიჭირეს და დამიდგნენ გვერდით, როგორც შეძლეს. აი ასე შევუდექი იმ გზას, რასაც ბუნებრივი ქვების სამყარო ჰქვია. ალბათ ქვეცნობიერში იმალებოდა ეს ნიჭი და უნარი, რამაც დროთა განმავლობაში უფრო მეტი განვითარება პოვა. პირველი ნაკეთობებიც  მოკრძალებული და საოცრად ლამაზი იყო.
–   ყველა ქვას თავისი ენერგეტიკა აქვს… როგორ ქმნით სამკაულებს? რას ითვალისწინებთ შექმნისას?
–  მინერალის ცნობისას იშვიათია, რომ შევცდე, ვგულისხმობ მის ნამდვილობას. ყველა მინერალს თავისი ენერგეტიკა და დატვირთვა აქვს. დღემდე ვსწავლობ და ვვითარდები ამ კუთხით. სამკაულს და ნებისმიერ აქსესუარს ვქმნი მაშინ, როდესაც  კარგ განწყობაზე ვარ და კარგად, იმიტომ რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ცუდ განწყობაზე მყოფმა სამკაული შექმნა. ქვებს გადაეცემა ენერგია და შემდეგ ეს ენერგია გადადის მომხმარებელზე. სამკაულის შექმნისას ვითვალისწინებ რა სურს მომხმარებელს, როგორც დიზაინის მხრივ ისე რა დატვირთვა უნდა ჰქონდეს მის სამაჯურს.ჰოროსკოპი… რამდენად უნდა გაითვალისწინოს სამკაულის მფლობელმა  ეს ნიშანი?
– ზოგიერთი ადამიანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და ცდილობს ატაროს, რაც მისი ჰოროსკოპისთვისაა განკუთვნილი. ზოგიც მხოლოდ სილამაზისთვის ატარებს. ზოგიერთს კი მნიშვნელობა არ აქვს, მიესადაგება თუ არა ის ქვა მას, მოეწონა და ამ დროს ესე იგი მას იმ ქვის ენერგია სჭირდება.
– რომელ ქვებს იყენებთ და შთაგონება თუ გჭირდებათ?
– ვიყენებ უამრავ ქვას,ძირითადად რაც მოიპოვება ჩვენს ბაზარზე, მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ჰოროსკოპის იმ მოდელის სამაჯურებს, რასაც მე ვთავაზობ მომხმარებელს, ბევრი ქვა სჭირდება, საკმაოდ შრომატევადია და შედარებით რთულია, მაგრამ შეუძლებელი არა. ჰოროსკოპის გარდა ვაწყობ სხვადასხვა აქსესუარს, ყელსაბამებს, საყურეებს, ბრელოკებს, ყურძენ გულსაკიდებს. შთაგონება აუცილებელია, ყველა ნამუშევარი იქმნება კლასიკური მუსიკების მოსმენის ფონზე. როდესაც სამუშაოდ ვჯდები, მაშინ მოდის იდეა, რა და როგორ შევქმნა.–   რომელ სამკაულებზეა მოთხოვნილება?  საყვარელი ქვა…
– გამორჩეულად ვერ გეტყვით. ადრე უფრო იყო ჰოროსკოპებზე მოთხოვნა. ახლა შიგადაშიგ. ამ ეტაპზე დიდი მოთხოვნაა სხვადასხვა დანიშნულების ტიბეტური ძის სამაჯურებს, შესაბამის ქვებთან, რაც მომხმარებელს სურს, გულსაკიდებზე. ჩემი საყვარელი მინერალია მზის ქვა. ცეცხლის სტიქიას მივეკუთვნები და ალბათ მაგიტომ.
ლინე – Handmade Gifts თქვენი გვერდია.  დღეს ბევრი ქმნის ხელნაკეთებს. როგორ უნდა განსხვავდებოდე სხვათაგან?
–   ლინე- handmade gifts, ჩემი გვერდის სახელწოდებასაც თავისებური დატვირთვა აქვს. მაშინ როდესაც ეს საქმიანობა დავიწყე, ორი შვილიშვილი – ლიზი და ნენე მყავდა და, შესაბამისად, მივიღე ლინე, მათი სახელებისაგან. .ბუნებრივი ქვებისაგან ბევრი ქმნის სამკაულებს, ყველას თავისებური ხედვა აქვს.  ვფიქრობ,  გამოვირჩევი ჩემი ცოდნით, დაუსრულებლად შემიძლია ვესაუბრო ადამიანებს, რა და რომელი მინერალია მათთვის საჭირო. მე ჩემებური ხედვა სტილი და მიმართულება მაქვს.– ერთი ნამუშევრის ისტორია…
– ვფიქრობ ყველა ნამუშევარ საინტერესოა და შთამაგონებელია,რამე კონკრეტულს ვერ გამოვყოფდი. „თქვენს მაგიდაზე სხვა სამყაროა“ – ხშირად მესმის სხვადასხვა გამოფენაზე მყოფს, როგორც უცხოელი ტურისტებისაგან, ისე ქართველებისგანაც, როდესაც ნამუშევრებს ათვალიერებენ.
–  ახალი წელი მოდის. როგორ ხვდებით თქვენ და საახალწლოდ რას სთავაზობთ თქვენს მომხმარებლებს?
– ახალი წელი როგორც უმრავლესობისთვის, ჩემთვისაც სიხარულთან და ბედნიერ დღეებთან ასოცირდება. შესაბამისად, ეს დადებითი ენერგია ჩემს შემოქმედებაზეც აისახება. ბუნებრივი ქვა და მისგან დამზადებული აქსესუარები, წლის ნებისმიერ დროს სასურველი საჩუქარია და შესაბამისად საახალწლო გამოფენა-გაყიდვებზე ბევრი ყიდულობს ახლობლებისათვის საჩუქრებად. გამოფენების საშუალებით ჩემს გამომწერებსა და ერთგულ მომხმარებლებს  საშუალება ეძლევათ, მიხილონ პირადად და ნახონ, ვინ და როგორი ადამიანი ქმნის სამკაულებს,  რეალურად უფრო ახლოს ნახონ ბუნებრივი ქვის უამრავი ნაკეთობა.– დიპლომები და სერტიფიკატები არ გაკლიათ. თქვენი გვარი კატალოგებშიც შესულია. ყველაზე დიდი ჯილდო?
–  დიპლომები, სიგელები, სერტიფიკატები, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი, დაუღალავი და დიდი შრომის შედეგია, ასევე კულტურის ფესვების კატალოგებიც, მაგრამ ჩემი ყველაზე დიდი ჯილდო ის სიყვარულია, რასაც ჩემი ერთგული მომხმარებლებისგან ვიღებ და ის უკურეაქციას, რაც მათგან მაქვს
– ჰობი…
– უფრო ჰობს დავარქმევდი ჩემს საქმიანობას. პროფესია სხვა მაქვს. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მე ჩემი თავი უფრო მეტად ვიპოვე ბუნებრივი ქვების სამყაროში.–  როგორ ასწრებთ საოჯახო საქმეებს და თქვენს ხელოვნებას?
–  შვილები მედგნენ გვერდით, სოციალური ქსელიდან დაწყებული, პირდაპირი ჩართვებით, უფროსი შვილი ჟურნალისტი მყავს და კამერა მისთვის უცხო არაა.  ბევრ ლაივ ჩართვას აკეთებდა. უმცროსი მასწავლიდა, როგორი სახის ტექსტი უნდა შემეთავაზებინა მომხმარებლებისათვის. მერე თანდათან ალღო ავუღე ყველაფერს და მარტოც ვუძღვები. უმეტესად  ღამით ვმუშაობ, როდესაც საოჯახო საქმეები დღის განმავლობაში დასრულდება, ღამის სიჩუმეში საოცარი მელოდიების ფონზე ვქმნი საოცრებებს და ხშირად თავზეც დამთენებია.
– სამომავლო  გეგმები.
– ვფიქრობ, როგორადაც არ უნდა შეიცვალოს ჩემი ცხოვრება,რა თქმა უნდა, დადებითი კუთხით, არასოდეს შევწყვეტ ქვებთან ურთიერთობას. მინდა მქონდეს პატარა სალონის მსგავსი კუთხე, სადაც ადამიანებს შევთავაზებ ჩემს შემოქმედებას. ჩავატარო ამ სივრცეში მასტერკლასები და ვაზიარო ადამიანები ნატურალური ქვების სამყაროს.

                                                                                                                     თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები