გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთში, გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამართალდარღვევები დაფიქსირდა წყალტუბოს, ოზურგეთის, შუახევისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში.
სამართალდამრღვევებმა, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვეს 700 კუბურ მეტრამდე მოცულობის ქვიშა-ხრეში.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. იმ ფაქტების საქმის მასალები კი, რომლებიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის საგამოძიებო უწყებებში გადაიგზავნა.
ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების აღკვეთა, გამოვლენა და პრევენცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ. მყისიერ რეაგირება ხდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.