„საახალწლო ზარდახშები ჯადოსნურია, რომლებსაც უამრავი კეთილი სურვილით აავსებ და შემდეგ მთელი წლის მანძილზე იღებ ამ სიკეთეს და საგანძურს“ – ნანა თვარაძის „ქართული სულის სკივრები“

ხელოვნება ბავშვობიდან უყვარდა, ხელმარჯვეც იყო, თუმცა ისე მოხდა, რომ გვიან მიუბრუნდა ბავშვობის გატაცებას. პროფესიით მათემატიკის მასწავლებელი. ოჯახიც ადრევე შექმნა.  დიასახლობა და დედობა დიდ ენერგიას და დროს მოითხოვდა.  გარკვეული მიზეზების გამო არ ქონდა მუშაობის შესაძლებლობა. პატარა გოგონა (7 წლის არის ახლა) განსაკუთრებული საჭიროებების მქონე. ცხოვრების ამ ეტაპმა ჩემი შესაძლებლობები სხვა თვალით დამანახვა– ნანა თვარაძის პერსონა.
– პირველი ნამუშევრები…
–   2-3 წლის წინ, ერთ საღამოს, გადავწყვიტე, საკუთარი თავისთვის პატარა თერაპია ჩამეტარებინა და ხელოვნების სამყაროს კარი შემეღო. სულ მომწონდა ხელნაკეთი ნივთები, ვიცოდი, რომ მეც შემეძლო და რატომაც არა, ვცადე… და რაც ვცადე, ყველაფერი გამომივიდა.
ყველაფერი, რასაც ვქმნი, თვითნასწავლია. ასე ჩემით, საკუთარი ექსპერიმენტებით ვისწავლე რაღაცები.
ჯერ ვინტაჟური ზარდახშებით დავიწყე. მერე წიგნის ფორმის სკივრი შევქმენი და ერთ საღამოს დამებადა იდეა, რომ თამარ მეფის გამოსახულებით წიგნის ფორმის სკივრი უნდა ყოფილიყო ჩემი სავიზიტო ბარათი.
მერე შოთაც მოვხატე ჩემს სკივრებზე. ვგეგმავ კიდევ სხვა დიდი ადამიანების  გამოსახულებების მოხატვას და სერიის შექმნას – „ქართული სულის სკივრები“.
– გამორჩეულია კედლის ოქროს, ხის და ბროწეულების პანოები…
–  ძალიან მომწონდა ეს პანოები ეპოქსიდში და მათი დამზადებაც ვისწავლე. ბევრი იდეა და სურვილი მაქვს, მაგრამ მუშაობა ძალიან მიჭირს. სამუშაო სივრცე არ მაქვს. ღამღამობით ვმუშაობ სახლში. დღესასწაულებზე სადღესასწაულო დეკორებსაც ვაკეთებ.
– კიდევ რომელი დიდი ადამიანების გამოსახულებებით აპირებთ ზარდახშების მოხატვას?
– ჩემი შვილის გამორჩეულად საყვარელი მწერალია ვაჟა-ფშაველა. ვფიქრობ, აუცილებლად გავითვალისწინებ მის სურვილს და სწორედ ვაჟა იქნება შემდეგი. კონკრეტული სია არ მაქვს, მაგრამ ერთი და ორით არ შემოვიფარგლები. ვიმედოვნებ, მექნება შესაძლებლობა, რომ ბევრი დიდი ადამიანი იხილოთ ჩემს სკივრებზე…
– ერთი ნამუშევრის ისტორია…
– ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, თვითნასწავლია და როცა რამე ახალს ვქმნი, ექსპერიმენტებს ვატარებ.  თანდათან აღმოვაჩენ ხოლმე, რომ „ესეც“ შემძლებია.  რაიმე განსაკუთრებულ ამბავს ვერ ვიხსენებ.
– თქვენს გვერდზე Nuchis Handmade გამოჩნდა ხელნაკეთი საახალწლო ზარდახშები და ნაძვის ხის სათამაშოები… და მაინც, რომელ სათამაშოზეა მეტი მოთხოვნა?
– საახალწლო ზარდახშები ძალიან მომწონს. ახალი წელი კი უზომოდ მიყვარს. ის ჩემთვის იმედების დღესასწაულია. ვფიქრობ,  საახალწლო ზარდახშები ატარებენ რაღაც ჯადოსნურს, რომლებსაც უამრავი კეთილი სურვილით აავსებ და მერე მთელი წლის მანძილზე იღებ ამ სიკეთეს და საგანძურს.– შთაგონება თუ გჭირდებათ მუშაობისას?
– უმეტესად, შთაგონება თავისით მოდის ხოლმე.  სამუშაოდ სხვადასხვა მასალას ვიმარაგებ, ღამით დავჯდები, ამოვალაგებ ყუთებიდან, დავილაგებ წინ და მერე თავისით მოდის იდეები, რა გავაკეთო. თუმცა ფოტოზარდახშა ჩემი ერთი უსაყვარლესი და ერთგული მომხმარებლის შთაგონებით დავამზადე. შეკვეთებზე ვმუშაობ და, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებ მომხმარებლის იდეებსაც.
– ჰობი…
– ჩემი ჰობიც სწორედ ესაა, რომელიც ჩემს პატარა საქმედ ვაქციე, ხელნაკეთი სილამაზეების შექმნა და მუდმივად სიახლის ძებნა…
სამი შვილის დედა ართ. ოჯახი როგორ გიდგათ გვერდში თქვენს საქმიანობაში?
– ოჯახისა და ახლობელი ადამიანების მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ერთია, როცა შენი ჰობით შენთვის ერთობი, მაგრამ მაინც დიდი გამბედაობა სჭირდება, მერე შენი ჰობი შენს საქმედ აქციო, ამ დროს კი თუნდაც სიტყვიერი მხარდაჭერა ბევრს ნიშნავს და მე ამის ფუფუნება ნამდვილად მქონდა. თუმცა ირგვლივ მყავდა ადამიანები და ახლაც არიან, ვინც დღემდე აკრიტიკებს ჩემს გადაწყვეტილებას, მაგრამ მე უკვე გავბედე და გაჩერებას არ ვგეგმავ. ჩემი კმაყოფილი მომხმარებლები კი ამ გადაწყვეტილების სისწორეში მარწმუნებენ…
– როგორ ხვდებით ახალ წელს?
– მანამდეც ვთქვი, რომ ახალი წელი განსაკუთრებულად მიყვარს. მთელი თავისი ჯადოსნური მორთულობით. მაგრამ ჩემს ძალიან პატარა სახლში ნაძვის ხის ადგილიც კი არ მაქვს, რამდენადაც დაუჯერებლად არ უნდა ჟღერდეს. ამას ბავშვებიც და მეც თანაბრად განვიცდით. თუმცა პატარა კედლებს და თაროებს ნამდვილად ამშვენებს ხოლმე ჩემი ხელით შექმნილი საახალწლო დეკორაციები…
– სამომავლოდ? გეგმები…
– სამომავლო გეგმები რაც მაქვს, პირველ რიგში, ალბათ ისაა, რომ, როგორმე შევძლო, მქონდეს პატარა სამუშაო სივრცე, პატარა სახელოსნო, სადაც ჩემს იდეებს და ხელებს მეტი გასაქანი ექნება.

                                                                                                         

                                                                                                 თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები