ხულოში, საციხური-გელაურას მიმართულებით, 4-კილომეტრიანი გზის სამუშაოები დასრულდა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსი არჩილ ჩიქოვანი ხულოს მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზის დიდაჭარა-საციხური-გელაურას 4- კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარე ასფალტო-ბეტონის საფარის დასკვნით სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. აღნიშნული მონაკვეთის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 1 759 490 ლარს. გარდა გზის ასფალტო-ბეტონისა, ღონისძიების ფარგლებში მოეწყო 238 გრძ.მ. ბეტონის საყრდენი კედელი, 132 გრძ.მ. გაბიონი, 770 გრძ.მ. რკინაბეტონის კიუვეტი, 422 გრძ.მ. რკინა-ბეტონის არხი ცხაურებით და 120 გრძ.მ. ლითონის მილი.
არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, მხოლოდ ხულოს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ჩატარებისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტი 7 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს. ,,დასკვნით ეტაპზეა სამუშაოები გელაურა-საციხურას მიმართულებით. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ზიმო 7″ აწარმოებს. სამუშაოების მოცულობა არის 1 მლ 760 ათასი ლარი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოეწყობა გზის საფარი ასფალტო-ბეტონით 4კმ და 150 მ-ზე.
დაახლოებით კილომეტრსა და 200 მეტრზე მოეწყობა სანიაღვრე არხები ცხაურებით. ასევე, 370 მ-მდე კედლები, ხელოვნური ნაგებობები. უახლოეს დღეებში გაკეთდება მონიშვნები. დღეს, ფაქტობრივად ასფალტო-ბეტონის სამუშაოები დასრულდება. რაც შეეხება ხულოს მუნიციპალიტეტში სხვა ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებს, სულ დეპარტამენტი დახარჯავს 7 მლ 600 ათას ლარამდე, რის ფარგლებშიც მოეწყობა 25 კმ ბეტონის საფარი, 17 კმ სამელიორაციო არხის რეკონსტრუქცია და მშენებლობა ჩატარდება. ასევე, მოვლა-შენახვის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები”, – აღნიშნა არჩილ ჩიქოვანმა.