“არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ საუბრობს, რომ სადმე მოხდა ამომრჩევლის ნების, იგივე არჩევანის იდენტიფიცირება” – კალანდარიშვილი

“არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ საუბრობს, რომ სადმე მოხდა ამომრჩევლის ნების, იგივე არჩევანის იდენტიფიცირება”, – ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საუბრისას ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

„3 დღის განმავლობაში, კენჭისყრის დღეს, მეორე და მესამე დღეს, ფარულობასთან მიმართებით, სადაც გამოხატული იყო საჩივრის შინაარსი იმის თაობაზე, რომ თითქოს ბიულეტენის მეორე მხარეს მარკირების კვალი იყო იდენტიფიცირებადი, სულ მივიღეთ 7 საჩივარი. ეს იმას ნიშნავს, რომ კენჭისყრის დღეს ეს საკითხი პრობლემატურად არავის დაუყენებია. ეს გვაძლევს გარკვეული დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას, რომ კენჭისყრის დასრულებიდან მე-3 დღეს რატომ განხორციელდა ასეთი ტიპის ინიციატივის წარმოჩენა, რომ თითქოს მასობრივად განხორციელდა ფარულობის დარღვევა და გასაჩივრდა 2 263 საარჩევნო უბნის შედეგები და მოთხოვნილი იყო მათი ბათილობა. საია-ს ხელმძღვანელის მიერ გაკეთებულ განცხადებაში განმარტებული იყო, რომ სადავოდ არ არის მიჩნეული და არ დგინდება ის შემთხვევა, როდესაც მოხდა პირის არჩევანის იდენტიფიცირება.

ინსტიტუციამ შექმნა ყველა მექანიზმი იმისთვის, რომ დაწყებული საარჩევნო კაბინიდან, დასრულებული ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენის მოთავსებით, უზრუნველყოფილიყო იმდაგვარი გადაწყვეტა, ეს იყო ჩარჩო ფორმა, რომელში მოთავსებითაც წარმოუდგენელი და შეუძლებელი იყო იდენტიფიცირება იმისა, თუ ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა.

ჩვენ გავითვალისწინეთ ადგილობრივი ორგანიზაციების რეკომენდაციები და ამობრუნებული სახით გვქონდა ბიულეტენი მოთავსებული ჩარჩო ფორმატში, რომელიც ასევე იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ შეუძლებელი ყოფილიყო იდენტიფიცირება იმისა, თუ ვის მისცა ხმა და ამასთანავე, ჩარჩო ფორმის სათანადოდ, ჯეროვნად ხმის მთვლელ აპარატთან მოთავსების შემთხვევაში, თუნდაც ასეთი კვალის არსებობის შემთხვევაშიც კი შეუძლებელი იყო, ერთი მხრივ, კვალის დანახვა და, მეორე მხრივ, იმის იდენტიფიცირება, თუ ვინ მისცა ხმა”, – განმარტა კალანდარიშვილმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები