“თურქეთიდან სახანძრო თვითმფრინავი, რომელიც ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთვება, საქართველოში დღის ბოლოს ჩამოფრინდება”
თურქეთიდან თვითმფრინავი, რომელიც ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთვება, საქართველოში დღის ბოლოს ჩამოფრინდება.
როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, თურქეთის პრემიერის გადაწყვეტილებით, საქართველოში მოცულობითი, დიდი სახანძრო თვითმფრინავი შემოვა.
„ამოვარდნილმა ქარმა თავიდან გააღვივა ხანძარი. ჩვენ ხაზგასმით შეგვიძლია ვთქვათ და აღვნიშნოთ, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. რა თქმა უნდა, რამდენად ჩქარა მოვახდენთ ცეცხლის ლოკალიზებას და ჩაქრობას, დამოკიდებულია ბუნებრივ პირობებზე. ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება, პირველი დახმარება მივიღეთ აზერბაიჯანისგან – ეს არის ვერტმფრენი და სახანძრო მანქანები, რომლებიც ახლა გზაშია, ვერტმფრენი კი, უკვე მთელი დღეა მუშაობს. მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება თურქეთისგან, 2 ვერტმფრენი უკვე ბათუმშია, ცოტა ხანში ჩამოვა და ჩაერთვება სახანძრო ოპერაციაში. ასევე დღეს, დღის ბოლოს ჩამოფრინდება მოცულობითი, დიდი სახანძრო თვითმფრინავი თურქეთიდან, მიუხედავად იმისა, რომ მათ თვითონ აქვთ ეს პრობლემა, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა მაინც მიიღო ეს გადაწყვეტილება “, – აღნიშნა პრემიერმა.
სახანძრო თვითმფრინავის გარდა თურქეთიდან ქართული მხარე უახლოეს საათებში ორ ვერტმფრენსაც ელოდება.